ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურა სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, სასამართლოს წარედგინება ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა.

"ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთანავე, ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. ეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობით იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რათა სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი", - განაცხადა პროკურორმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა