დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის დელეგაციის წევრებთან აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც 25 წელს მოიცავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. მან მაღალი შეფასება მისცა რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას და აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰარტვიგ შეიფერმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მომდევნო სამოქმედო პროგრამაზე, რომლითაც განისაზღვრება თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა