როცა თბილისის მერი და მისი მოადგილე გვესაუბრებიან ტაქსების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ეს უბრალოდ სირცხვილი და ხალხის დაცინვაა, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ”ინტერპრესნიუსს” ქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
გიგი უგულავას აღნიშნული ნაბიჯი არასწორად მიაჩნია. თბილისის ყოფილი მერი კახა კალაძის სატრანსპორტო განვითარების გეგმას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უფრო სურვილებია, ვიდრე გეგმები.
”ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ სურვილები უფრო იყო, ვიდრე გეგმა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ახალი ავტობუსების ყიდვას წინ არაფერი უდგას, თუმცა, მერია აქაც არათანმიმდევრულია, რადგან შარშანდელი წელი ჩააგდეს. შარშანწინ ახალი ავტობუსები შემოიყვანეს, მაგრამ შარშან - არა. ახლაც აპირებენ, თუმცა რამდენადაც ვიცი, ბიუჯეტში თანადაფინანსების მუხლი არ დევს. ეს თავისთავად სწორი და კარგი მიმართულებაა, მაგრამ ცალკე აღებული ეს კომპონენტი საქმეს არ ყოფნის. მეტროს გამტარუნარიანობას რაც შეეხება, ეს ასეთი მარტივი საკითხი არ არის. ვაგონების მექანიკურად დამატება პრობლემას არ უშველის. მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც 2005 წელს ჩვენ დავიწყეთ, გულისხმობდა სადგურების და ვაგონების მოდერნიზაციას. ქალაქის ბიუჯეტს თუ ჩავხედავთ, არასაკმარისი თანხებია იმისთვის, რაზეც დღევანდელი მერი საუბრობს. ბასლაინებზე იყო საუბარი, ეს ასაწონ-დასაწონია. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უფრო სურვილების განაცხადი იყო, ვიდრე რეალური პროგრამა, რადგან თუ ჩვენ რეალურ სატრანსპორტო პრობლემაზე ვსაუბრობთ, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი გეგმა, რომლითაც დაახლოებით 5-7 წელიწადში მთლიანად უნდა გადასულიყო ელექტრონულ ტრანსპორტზე - მეტროზე, ტრამვაისა და საბაგიროზე. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ავტობუსების გამორიცხვა მოხდებოდა და მერიის განაცხადი იქნებოდა ეკოლოგიური განაცხადი. იმის თქმა მინდა, რომ ეს ხედვა არ არის გრძელვადიანი, ეს არის ამოგლეჯილი საიდანღაც და შემდეგ სურვილებად გაჟღერებული”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციის საკითხს, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ამ ინიციატივას არასწორ ნაბიჯად აფასებს. ”სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრა არ ხდება ერთ დღეში, აბსოლუტურად არასწორია ტაქსებზე მივარდნა. სამწუხაროდ, კალაძეს ერთი სინდრომი აქვს - ადამიანი, რომელიც გამდიდრდება, სიღარიბე უტყდება და სიღარიბეზე თვალს ხუჭავს. რაც არ უნდა თვალი დავხუჭოთ მერმა თუ პრემიერმა, სიღარიბე არ გაქრება. თავის დროზე, როცა რეგულაციებზე ვსაუბრობდით, სპეციალურად დავტოვეთ ტაქსები რეგულაციების და გადასახადების გარეშე. ვინაიდან დღევანდელ პირობებში ტაქსი არის არა მარტო გადაადგილების საშუალება, არამედ ბევრი ადამიანი, რომელსაც აღარ აქვს სამსახური და ჰყავს მანქანა, თავის საკუთარ ქალაქში ტაქსაობს და ლუკმა პურს შოულობს. ჩვენი საზოგადოება არ გამდიდრებულა და უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც მართლა ლუკმა პურს შოულობს ამ საქმით”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, როცა თბილისის მერი და მისი მოადგილე გამოდიან და გვესაუბრებიან ტაქსების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, ეს უბრალოდ სირცხვილია და დაცინვა ამ ხალხის.
”გვეუბნებიან, რომ ტაქსების რეგისტრაცია ჯერ უფასო იქნება, თუმცა ბუნებაში უფასო არაფერი არსებობს. ე.ი. ბიუროკრატიას დამატებით დავალებას აძლევენ და ეს დამატებითი ხარჯია. მერე მოინდომებენ ამ დამატებითი ხარჯის ტაქსების მძღოლებისგან ამოღებას. მერე მოიგონებენ დამატებით რეგულაციას. საინტერესო იქნება როგორ და რა სიხშირით შეამოწმებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ვინ შეამოწმებს და იქნება თუ არა ეს საშინელი კორუფციის წყარო. თავად ამ ფრაზის გამოყენებით კარგად ჩანს საიდან მოდის ეს ყველაფერი - ეს არის ტფილისურ-ელიტური წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსის მძღოლებს ცუდი სუნი ასდით, ეს შეურაცხყოფაა ადამიანების. როგორ უნდა დაადგინონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ჩაჯდება და ტაქსში ჩასუნავენ თუ რას იზამენ? როგორ შეიძლება ამაზე ამ ფორმით საუბარი?!”, - აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა.
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ამ ფორმით რეფორმა კონკურენციის და თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს. ”იმდენად ზედაპირულები არიან და იმდენად ცხვირის რეცეპტორებით აზროვნებენ, რომ იმის იქით საერთოდ ვერ ხედავენ პრობლემას. ეს არის მთავარი პრობლემა. მოლიერის აღზევებული მდაბიოს ინსტინქტით მოქმედებს სამწუხაროდ დღევანდელი მერია”, - აღნიშნა თბილისის ყოფილმა მერმა.
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.