ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2018

"ფარული ომი" საქართველოს მოუახლოვდა

რატომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი?

ბიტკოინის გამოსამუშავებლად ხალხს სესხს სთავაზობენ!

* * *

"ფარული ომი" საქართველოს მოუახლოვდა

"ეს უკვე არის აშშ-თურქეთს შორის შეფარული ომი, რომელშიც შესაძლოა, რუსეთი და ირანიც ჩაებან", - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" და აღნიშნავენ, რომ ეს არ იქნება ხანმოკლე ომი, რაც საქართველოსთვის ცუდი შედეგების მომტანია. საუბარია ლტოლვილთა ნაკადის გამოჩენაზე, საბრძოლო მოქმედებების 200 კილომეტრით მოახლოებასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, რომელსაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ფარული ომი" საქართველოს მოუახლოვდა / "ეს არის აშშ-თურქეთს შორის შეფარული ომი, რომელშიც შესაძლოა, რუსეთი და ირანიც ჩაებან".

"სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობაში ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან ოპერაცია "ზეთისხილის რტო", ფაქტობრივად, ამერიკული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული – "როგორც მოგეხსენებათ, სირიელ ქურთებს აშშ მხარს უჭერს და აპირებდა, რომ მათი საშუალებით შეექმნა ახალი ანტიასადური ოპოზიციური და სირიის საზღვრის ძალები. საუბარია 30-ათასიან სპეციალიზებულ არმიაზე. სირიელ ქურთებს ექნებოდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციები და მათზე იდებოდა ძალიან დიდი ფსონი. მათ გადაეცათ კიდეც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე, საჰაერო თავდაცვითი სისტემები და იარაღის საკმაოდ დიდი პარტია. როგორც ჩანს, თურქებმა იმუშავეს დასწრებაზე, დაიწყეს შეტევა აფრინისა და მანბაჯის მიმართულებით, რომელსაც ქურთები დაეუფლნენ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თურქები ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან სირიაში. საუბარია ახალი, მეორე ომის დაწყებაზე", - აცხადებს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში, შესაძლოა, რუსეთი და ირანიც ჩაებან. ამასთან, სამხედრო ექსპერტი იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს წინაშეა", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაებან რუსეთი და ირანი. შესაბამისად, ამან შეიძლება მიიღოს საკმაოდ სერიოზული მასშტაბები. არ უნდა დაგვავიწყეს ასადის რეჟიმის მომენტიც, რადგან შესაძლოა, ახალი მეგა ჯიჰადისტური გაერთიანებაც ვიხილოთ, სადაც "ალ-ქაიდას" და "ისლამური სახალიფოს" გაერთიანებული ძალები იქნებიან, როგორც ცალკე დამრტყმელი აქტორები. ის, რომ ჩვენს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის დაიწყო საკმაოდ სერიოზული ფარული ომი, ცუდ შედეგს იქონიებს ჩვენს რეგიონზე იმიტომ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიდან სამხედრო უსაფრთოხოების გარანტორებად გამოდიოდნენ თურქეთიც და ამერიკაც. დღეს კი ორივე აქტორი ერთმანეთს უპირისპირდება და ეს ვისთვისაა ხელსაყრელი, კარგად მოგეხსენებათ. მეორეც, საბრძოლო ოპერაციები საქართველოს უკვე მოუახლოვდა, თუ ადრე ჩვენი საზღვრიდან 800 კილომეტრში იყო, დღეს უკვე 500-600 კილომეტრზე ჩამოვიდა და ჩვენი მიმართულებით 200 კილომეტრით ჩამოიჩოჩა. არ არის გამორიცხული ლტოლვილთა ნაკადის გამოჩენაც. აქ კიდევ საუბარია ენერგოუსაფრთხოებაზე. ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ნაწილები თუ ამოქმედდნენ და სამხედრო მოქმედებებმა თურქეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, (რისი დიდი ალბათობაც არსებობს), მაშინ ეს შეეხება ბაქო-ბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსაც, რაც ჩვენი ენერგოუსაფრთხოების პირდაპირი ინტერესია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არანაირად არ შედის თურქეთი-აშშ-ის დაპირისპირება: "აშშ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, სამწუხაროდ, მიმდინარეობს რუსეთ-თურქეთის დაახლოების პროცესი, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიცაა ენერგეტიკა. ვიცით, რომ დღის წესრიგში დგას გაზსადენის – "ცისფერი ნაკადი 2" განხორციელების საკითხი, შესაბამისად, თურქეთი რუსეთიდან მიიღებს დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს, რითიც შესაძლოა, საფრთხე შეექმნას კანაპის პროექტს. გარდა ამისა, თურქეთი წინააღმდეგი იქნება ნატოს სამხედრო ბაზების გაფართოებისა შავი ზღვის რეგიონში. მოგეხსენებათ, 2016 წელს ვარშავის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიურებულიყო ნატოს ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, თუმცა თურქეთის გარეშე ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო გემები შავი ზღვის აკვატორიაში თურქეთის გავლით უნდა შევიდნენ. შესაბამისად, შესაძლოა, შემცირდეს დასავლეთის სამხედრო დასწრება შავი ზღვის რეგიონში", - განმარტავს ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმით, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დააბალანსებდა რუსეთის პოზიციებს აღნიშნულ რეგიონში", - წერს სტატიის ავტორი.

რატომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი?

"ევროკავშირში საქართველოს ელჩის - ნატალია საბანაძის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს. როგორც საბანაძემ განაცხადა, თავად ის განხილვას არ დასწრებია, ვინაიდან ეს იყო ევროკავშირის - შენგენის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის გახსნილი არ არის. "რამდენადაც ვიცი, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით შემაშფოთებელი ეს განხილვა არ იყო. ორმა ქვეყანამ დააყენა საკითხი, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქვეყნებია შვედეთი და ისლანდია", - განაცხადა საბანაძემ. მიუხედავად ამისა, ნატალია საბანაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - თქვენი აზრით, რატომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი?

"არ ვიცი, როგორც ჩანს, პრობლემები ექმნებათ. ცხოვრება გაჭირდა, ყველაფერი გაძვირდა, ხელფასები კი არ იმატებს, ალბათ ამით იქნება გამოწვეული მიგრაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.

"წარმოდგენა არ მაქვს. დღეს ეს არ უნდა იზრდებოდეს. ახლა უფრო ნაკლებად გაუსაძლისი ვითარებაა, ვიდრე ადრე. შესაძლოა, ეს იმით არის განპირობებული, რომ გაიხსნა საზღვრები და უკეთესი მომავლის იმედით ბევრი მიდის. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. არა მგონია, რომ წასვლა და იქ დასაქმება ადვილი იყოს. თუ ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ახერხებენ, მეეჭვება, იქ მოახერხონ რამე?! რისი იმედით მიდიან, არ ვიცი, ვერაფრით ვხსნი", - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

"საერთოდ, ნებისმიერი მიგრაცია გამოწვეულია ორი ჯგუფის ფაქტორებით - ერთია მიზიდულობის ფაქტორი და მეორეა განდევნის ფაქტორი. ჩვენ შემთხვევაში ორივე ერთდროულად მოქმედებს. რა თქმა უნდა, საქართველოში პირობებიც გართულდა, დასაქმება არ არის, მძიმე სოციალური გარემოა. მეორე მხრივ, მოქმედებს მიზიდულობის ფაქტორი. ცნობილია, რომ იქ ლეგალური თუ არალეგალური გზით შესაძლებელია არსებობა. ამაზე ხმები დადის ნათესავების, მეგობრების მეშვეობით. ქსელი უკვე გაიბა, ასე რომ, ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის იმიჯს ეს ძალიან აზარალებს. ის სახელი, რაც საქართველოს ჰქონდა ევროპაში, შეიცვალა საწინააღმდეგოდ", მიიჩნევს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე.

"ეს გამოწვეულია საქართველოში გაუსაძლისი სოციალური პირობებით და ხელისუფლება ამაზე არც კი ფიქრობს. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, აქედან ყველა გარბის", - დასძენს პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

ბიტკოინის გამოსამუშავებლად ხალხს სესხს სთავაზობენ!

"იპოთეკური სესხი ბიტკოინის მაინერებისთვის - საფინანსო ორგანიზაციების ამ ახალი მაქინაციით მალე ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩება. როგორც აღმოჩნდა, კრიპტოვალუტის გამომუშავების სანაცვლოდ, ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს თანხას უძრავი ქონების უზრუნველყოფით ისე, რომ ადამიანს ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად იყიდოს სუპერკომპიუტერები და "გამდიდრდეს ერთბაშად", როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. საფინანსო სექტორის მხრიდან ფულის მოზიდვის ამ უცნაური სქემის შესახებ "რეზონანსმა" ერთ-ერთი საფინანსო-საინვესტიციო კომპანიის მოკლე ტექსური შეტყობინებიდან შეიტყო: "გამოიმუშავე კრიპტოვალუტა (ბიტკოინი და სხვა) იპოთეკური სესხი მაინერებისთვის 18%-ად" – წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბიტკოინის გამოსამუშავებლად ხალხს სესხს სთავაზობენ! / მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უძრავი ქონების უზრუნველყოფით 18%-იან კრედიტს გასცემენ მსესხებლის "ერთბაშად გასამდიდრებლად".

"მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით და როგორც დაინტერესებულმა პირმა, ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ კომპანია ე.წ. მაინების შეძენაში ადამიანებს დახმარებას ვერ უწევს, მაგრამ გასცემს სესხს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ამის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა ინტერნეტით უნდა მოძებნოს გზები კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად. "თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ სესხი და ამ თანხით შეიძინოთ "მაინერი" - დანადგარი, რომელიც უშვებს ბიტკოინს. ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ გამოიმუშაოთ ბიტკოინი, მაგრამ მოგცემთ იპოთეკურ სესხს იმის გარანტიით, რომ შეიძენთ დანადგარს. ჩვენ არ ვყიდით მას, ინფორმაცია, თუ სად შეგიძლიათ მისი ყიდვა, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ. სესხს გავცემთ უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ანუ თანხით გეხმარებით. 10 წლამდე ვადით გაძლევთ 10 000 დოლარს. ეს თანხა მხოლოდ უძრავი ქონების გარანტიით გადის", - გვითხრა კომპანიის თანამშრომელმა. მოგვიანებით, საფინანსო სფეროს ექსპერტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრთხე, რაც შეიძლება მიადგეს ნებისმიერ რიგით მოქალაქეს, რომელიც "მაინების" შეძენის მიზნით იპოთეკური სესხის აღებას შეეცდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე საუბრობს მოსალოდნელ რისკზე, რაც დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიტკოინში ინვესტირების შემთხვევაში ემუქრება და ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ადამიანებმა დანაზოგი ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში განათავსონ - "საფინანსო ორგანიზაციისგან თანხის აღება ნიშნავს, რომ უნდა გარისკოთ. თუ იზარალებთ, ბინას დაკარგავთ, რადგან აღებულ თანხას არავინ დაგიბრუნებთ. ეს არის აფერა, მიკროსაფინანსოების ასეთ შემოთავაზებას არ უნდა ენდოს ხალხი. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა გამოვიდეს განცხადებით, რადგან მავნე ფინანსური პროდუქტებისგან მოსახლეობის დაცვა მათ ევალებათ. ჭკუაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისთვის სასარგებლო შეთავაზებას არავინ მისცემს, ეს იშვიათად ხდება. უკვე ჩანს, რომ საფინანსო სექტორში ბევრი ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით, რადგან შეთავაზების ასეთი ერთადერთი მიზანი უძრავი ქონების მითვისებაა", - მიიჩნევს თუთბერიძე და ამბობს, რომ "ეტყობა, ფულის კეთების ახალი სქემა შეიმუშავეს", - განაგრძობს გამოცემა.

"ადამიანი შეიძლება მეტის მიღების სურვილით გაბრიყვდეს. იმას ვერავინ აცნობიერებს, რომ ბიტკოინის ღირებულება დაბლაც შეიძლება წავიდეს. ვინც თანხას გაძლევთ, ის არაფერს რისკავს და თქვენ შეიძლება წააგოთ. ადამიანებს გამდიდრების, ფულის გამომუშავების სურვილი აქვთ და ეს ბუნებრივია, მაგრამ არა ამ გზით! ცოტა ხნის წინ 20 000 დოლარიც ღირდა ბიტკოინი და ვინც ამ ფასად შეიძინა, მოკლე დროში ძალიან იზარალა. ასეთ რისკზე წასვლა სესხით არაფრით არ ღირს, რადგან სარისკო ინვესტიციაში ფულის ჩადება წარმოუდგენელია. ბიტკოინს აქვს უარყოფითი მხარეც - შეიძლება გახსნათ ანგარიში, რითაც შეიძენთ "მაინებს", მაგრამ ჰაკერებისგან არ ხართ დაცული. ჰაკერული თავდასხმის გამო, შესაძლოა, მრავალი კომპიუტერი მოექცეს კრიმინალების ზემოქმედების ქვეშ. გარდა ამისა, რისკია ფასების დინამიკა. რთული საპროგნოზოა, დაბლა წავა ფასი თუ - მაღლა. ჩემი აზრით, ახლო მომავალშიც ადამიანები ეცდებიან, ბანკების ალტერნატივა გამოიყენონ და ეს ბიტკოინი გახდება. ბევრი ყიდულობს და ახორციელებს ინვესტიციას უკვე ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში, რაც ძალიან დიდი რისკია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა თუთბერიძე.

"ფინანსური ინსტიტუტების მანიპულაციებს ეხმაურება საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და ხალხს სწორ გზაზე დადგომაში დაეხმარონ, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა – "ხალხი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა არის კრიპტოვალუტა, ფორექსი და სხვა, ამ უკანასკნელზეც დიდ თანხას კარგავს ხალხი. საფინანსო ორგანიზაციებს ვერ აუკრძალავ შეთავაზებას, სანამ მაქინაციებზე არ დაიჭერენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. მოსახლეობაც უნდა იყოს აზრზე, რასთან აქვს საქმე, რადგან მათზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა სესხს "მაინების" შესაძენად. შესაძლოა, ზოგიერთი მართლა აჰყვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რადგან ამ ეტაპზე მათ აქვთ მხოლოდ ვარაუდი, იმედი და ბევრი მოტყუვდება. ამიტომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კანონი არ ითხოვს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის სასჯელს, ამიტომ მოქმედებენ, როგორც უნდათ, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს აზარალებს", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი არის დეცენტრირებული ციფრული ვალუტა. იგი არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში და შესაძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლებისა და საბანკო ტრანზაქციის გარეშე", - წერს სტატიის ავტორი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია