თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

”შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას; ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან; სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება”, - ნათქვამია კონცეფციაში.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

”ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ქართველი სამხედროების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენი რეზერვის კონცეფციის მიზანია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენება”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა