რამაზ საყვარელიძე - გიორგი მარგველაშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა წამგებიანი იქნება

მოსახლეობას პარტიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ამ ფონზე პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლო დიალოგი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილისთვის, როგორც კანდიდატისთვის წამგებიანი იქნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

საყვარელიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის შეიძლება „ძალიან საინტერესო იყოს“.

მისი თქმით, პრეზიდენტს შესაძლოა სურდეს არაპარტიულ კანდიდატად წარმოჩენა, თუმცა თუ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყო, დამოუკიდებელ კანდიდატად აღარ აღიქმება.

”ოპოზიციისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს არაპარტიული კანდიდატი, რადგან მერის არჩევნებში ნახეს, რომ არაპარტიულმა კანდიდატმა ყველა ოპოზიციური ფიგურა დაამარცხა. შესაძლოა ასეთ არაპარტიულ კანდიდატად აპირებს შესთავაზოს თავისი თავი მარგველაშვილმა. იგი არ აღიქმება როგორც რომელიმე პარტიის მხრიდან. თუმცა, თუ ეს ნაბიჯი გადადგა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებით მივიდა დასკვნამდე, რომ ერთიანი კანდიდატი იყოს, ის მაინც ოპოზიციური პარტიების კანდიდატად აღიქმება და არა დამოუკიდებლად. პარტიებთან ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება თავისთავად უკვე პარტიულობის ნიშანს ასვამს კანდიდატს, რაც მომგებიანი არ არის დღევანდელ რეალობაში. მოსახლეობას პარტიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამ ფონზე ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო დიალოგი, ეს მარგველაშვილისთვის, როგორც მომავალი კანდიდატისთვის წამგებიანი იქნება”, - განაცხადა საყვარელიძემ.

ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა არანაირი კონსულტაციები არ გამართულა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა ქვეყნის პირველი პირი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა