უმძიმესი ფაქტია, პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ, არჩილ ტატუნაშვილი არის სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს, რეალურად დაადგინოს რა იყო გარდაცვალების მიზეზი.
”რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას, მოვითხოვთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ექსპერტები გავაგზავნოთ, რამდენადაც ეს მძიმე ფაქტი ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ე.წ ოთხოზორიას სიის შედგენასთან დაკავშირებით, სესიაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე პირების სია ისედაც არსებობს, თუმცა მზადაა ჩაერთოს ინიციატივის განხილვაში.
„ის ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, სია იქნება თუ არა, ისედაც დევნის ობიექტები არიან ნებისმიერ ვითარებაში, სადაც ხელი მიგვიწვდება. რეალურად, ასეთი აღრიცხვიანობა არსებობს, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილია რაიმე დანაშაული ჩვენი ქვეყნის მოქალაქების მიმართ. სხვა შემთხვევში, თუ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიძლება ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები, სიამოვნებით მივიღებ განხილვაში მონაწილეობას”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.