ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებს გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბარს უწოდებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მისი კოლეგის, ირაკლი შავაძის განცხადებებს გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბარს უწოდებს და მის მიმართ ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მამისეიშვილმა განაცხადა, მოსამართლე შავაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ არ განაწესა და მის წარუმატებლობას დავით მამისეიშვილს აბრალებს. მისივე თქმით, უწყებაში დამოუკიდებელი ინსპექტორი არსებობს, რომელიც ყველა იმ განცხადებას შეისწავლის, რაც მოსამართლე ირაკლი შავაძემ მის წინააღმდეგ გაავრცელა.

„ეს არის გაბრაზებული ადამიანი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ არ განაწესა. გაბრაზებულმა ადამიანმა ახლა აღარ იცის, რა ქნას და ჩემი სახელის ლაფში ამოსვრით ცდილობს მისი წარუმატებლობა გაამართლოს. რა ფორმით უნდა იყოს ზემოქმედება, როდესაც თავად აცხადებს, რომ ორი წელია კომუნიკაცია არ გვქონია?! მოსამართლის ძირითადი საქმიანობაა მართლმსაჯულების განხორციელება და თუ მას სასამართლოს თავმჯდომარესთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს, მასზე სასამართლოს თავმჯდომარეს ზემოქმედება რა ფორმით უნდა მოეხდინა?! მით უმეტეს მას თანაშემწე მდივანი ჰყავდა და საქმეები ეწერებოდა. ეს ყველაფერი მისი მხრიდან სწორედ გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბარს უკავშირდება. არანაირი გუნდი არ არსებობს და დავით მამისეიშვილს არანაირი გუნდი არ ჰყავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები მუშაობენ და კანონის მიხედვით საქმიანობენ. ყველა მოსამართლე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 მოსამართლე ვართ და 9 სხდომათა დარბაზია. ყველა მოსამართლეს, ვინც სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობს, დარბაზი გვაქვს და ბატონ შავაძეს მისი დარბაზი ჰქონდა. ეს არის თითიდან გამოწოვილი სიცრუე, რასაც ბრძანებს. მე არ შემიძლია სიტყვა ცილისწამება ან მსგავსი სიტყვები გამოვიყენო. მე, როგორც მოსამართლე, სამოსამართლეო ეთიკით შებოჭილი ვარ. მოსამართლეებს კანონით გვეკრძალება ერთმანეთის ცუდად ან უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, ვინაიდან მოსამართლე შეიძლება დისციპლინური დევნის ობიექტი გახდეს. ბატონი ირაკლის განცხადებები არის სიცრუე. მე მინდა, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ჩვენს უწყებაში არის დამოუკიდებელი ინსპექტორი და ალბათ ყველა ის სიცრუის კასკადი - განცხადება შესწავლის საგანი გახდება, რომელიც ბატონმა შავაძემ თავს დამატეხა. იგი ჩემი სახელის დისკრედიტაციას მაქსიმალურად ცდილობს. ჩემთვს უცნობია, რა საჩივრებზე საუბრობდა. მისი საუბრიდან გამომდინარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თითქოს პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვხელმძღვანელობ, ეს არის იმდენად დიდი სიცრუე, რომ მასზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასეულობით გამამართლებელი განაჩენია მიღებული, მათ შორის ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მკვლელობა, ყაჩაღობა ძარცვა და ა.შ. იცით რა არის? თუ მე პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვხელმძღვანელობ, ასეთი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული?! ამ საქმეებზე თავის მართლება რატომ უნდა მიწევდეს, უბრალოდ ვერ ვხდები“,- განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მესამე სექტორს დახმარებას სთხოვს. როგორც მან განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო უთხრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა