სისხლის სამართლის პროცესში ახალი ინსტიტუტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი შემოდის

სისხლის სამართლის პროცესში ახალი ინსტიტუტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი შემოდის, რომლის ფუნქცია სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის მხარდაჭერა იქნება.

შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ხორციელდება, რომლის ავტორი - მთავარი პროკურატურა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობაა.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია პროკურორის გადაწყვეტილებით ჩაერთოს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საქმეში მისი ჩართვის მიზანია “მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა“.

პროექტით, პროკურორი უფლებამოსილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე განიხილოს. ამასთან, მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება. კერძოდ, კოორდინატორი პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მის უფლება- მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მათთვის საჭირო სერვისების შესახებ და ეხმარება შესაბამის ორგანოსთან დაკავშირებაში, თუ მოწმე ან დაზარალებული საჭიროებს ამგვარ დახმარებას.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არ არის უფლებამოსილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარი ფორმით ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა