მთავრობის ადმინისტრაცია - საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, კერძო სექტორისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული და პროფესიული განათლებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული წელი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში გამორჩეული წელი იყო, მათ შორის, როგორც მაღალი დონის ვიზიტების - ისე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

„დადებითად შეფასდა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესი და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის, კუთხით.

მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განმტკიცებას ემსახურება. მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. პრემიერ-მინისტრი მიესალმა პროექტის განხორციელებაში ამერიკული კომპანიების ჩართულობას - „კონტი ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციას და SSA Marine-ს შემოსვლას ინვესტორად და პორტის ოპერატორად.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რაც ამერიკულმა მხარემ ასევე დადებითად შეაფასა. ხაზგასმით აღინიშნა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

სამუშაო ჯგუფს აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.