გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს

16 მარტს, გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარტების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ თანამდებობები დატოვეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს.

”ოპერატორი, რომელიც საბაგიროზე იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

”დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა გადაეცემა შსს-ს, რომელიც აგრძელებს ოფიციალურ მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს შესაბამის პასუხუსიმგებლობების საკითხს.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მათ სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს