დიმიტრი ქუმსიშვილი - დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუდაურში თვითონ საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული

დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუდაურში თვითონ საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ტურიზმი, განსაკუთრებით, მთის კურორტების მიმართულება, რათა ჩვენი მთის კურორტები გახდეს 4 - სეზონიანი. შესაბამისად, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ტურისტები მივიღოთ არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულის სეზონზეც. ამაზე მეტყველებს თვითონ ის პოზიტიური და დადებითი დინამიკა სტატისტიკაშიც, რომელიც ჩვენ გვაქვს, რაც პირდაპირი დასტურია ყველა იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ის, რომ მეტი და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად მოვახდინოთ იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს. გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ჩვენთვის. ჩვენ შევუდექით იმ წუთშივე გამოძიებას. ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ, ვთქვით, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს მოვიწვევდით, რომლებიც შეამოწმებდნენ და ნახავდნენ, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია აღნიშნული უბედური შემთხვევა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოვიდა კომპანია "ბიურო ვერიტასის" ექსპერტული ჯგუფი. ეს კომპანია 1828 წელს დაარსდა და 66 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ასევე მოწვეული იქნა მწამოებელი კომპანია "დოპელმაიერი", რომლებიც შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩაერთნენ საგამოძიებო პროცესში.

"დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული, მისი მომსახურება იყო ჩატარებული აბსოლუტურად სწორად. გარდა ამისა, ყველა დანარჩენი საბაგირო არის აბსოლუტურად გამართული და მათი ტექნიკური მომსახურება და შემოწმება ხდება დროულად და სწორად", - განაცხადა ქუმსიშვილმა და პირველადი დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, საბაგიროზე მოხდა ძაბვის ვარდნა, რამაც გამოიწვია საბაგიროს გათიშვა.

"თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. დღეს არსებული დასკვნით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა