”დმანისის გადარჩენის ფონდი” მიწის ნაკვეთის მსგავსად, აუქციონზე შეძენილი ხისთვის თანხის შეგროვებას მოსახლეობის ჩართულობით გეგმავს

ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილმა „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონის წესით 20 020 ლარად შესყიდული ხისთვის თანხების შეგროვების პროცესი უკვე დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, „ფეისბუქის“ გვერდზე მითითებულია შესაბამისი ანგარიშის ნომერი, სადაც გარკვეული რაოდენობის თანხები მოქალქეებმა უკვე გადარიცხეს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ შესაბამისი თანხის შეგროვებისთვის ათდღიანი ვადა აქვთ.

„ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა. უკვე დაიწყო ჩარიცხვები. საინტერესოა ის, რომ პირველივე დღეს ბევრი რეკავს, რათა საკითხები გაარკვიოს, მათ შორის, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მითითებულია ანგარიშის ნომერი და თანხის ჩარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ონლაინ მისამართი, ანგარიშის ნომერი „ფეისბუქში“ ჩემს გვერდზეა განთავსებული. სხვათაშორის, ეს არ არის თვითონ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ანგარიშის ნომერი, რადგან ფონდი ამ წუთამდე არ არის რეგისტირებული. იუსტიციის სამინისტრომ ეს პროცესი გაგვიწელა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ რა მასშტაბის ხელოვნურ პრობლემებს ქმნიან ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მითითებულია თამთა შამათავას ანგარიში, ვისი სახელითაც ჩვენ აუქციონში მივიღეთ მონაწილეობა. მას შემდეგ რაც გაიხსნება „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ანგარიში, ავტომატურად ჩავანაცვლებთ და ყველა თანხა აღნიშნული ფონდის ანგარიშზე გადავა. მთავარია, რომ სრულიად ახალ პროცესში ბევრი ადამიანი ერთვება. ვფიქრობ, ეს ხე ნამდვილად იქნება საქართველოს გამარჯვების სიმბოლო, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეხება დმანისში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელთან დაკავშირებითაც გამოცხადებულ აუქციონში ასევე „დმანისის გარაჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გარკვეული მიზეზების გამო, ფონდს თანხის შეგროვება ჯერჯერობით არ დაუწყია.

„მომავალ კვირას, ამზომველებთან ერთად, ჩვენ ამ ტერიტორიაზე შევალთ და ყველაფერზე ფაქტობრივი მასალა გვექნება. მთავარია, სამართლებრივი სტატუსი მოვიპოვეთ, რითაც ყველა დანაშაულებრივ სქემას გამოვავლენთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ფონდი მომავალშიც აპირებს, მსგავსი ტიპის აუქციონსა და ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს.

„ჩვენ შევალთ აბსოლუტურად ყველა იმ პროცესში, სადაც ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს დავინახავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, გუშინ 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ 20 მარტს, აუქციონზე გატანილი დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო, იჯარით 5 056 320 ლარად გაიცა. ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული „დმანისის გადარჩენის ფონდია“.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა