რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის შესასვლელი უახლოეს მომავალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გახდება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქის მერის ინიციატივით, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის გასწვრივ ე.წ. ზიგზაგური პანდუსის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილე დავით კეკელიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება, მოეწყობა მოაჯირები. ზიგზაგური პანდუსის მოსაწყობად, 27 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შა-გი 2010“ ახორციელებს და სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.