ირაკლი კობახიძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ გიორგის არ სურს დარბაზში დაბრუნება, ტაქტიკური გადაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ, რათა მას ამის საბაბი არ მივცეთ

ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის პრესტიჟის დაცვაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ გადავუხვიოთ რეგლამენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღება, რათა პრეზიდენტს დარბაზის დატოვების „საბაბი არ ჰქონდეს“.

„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ გიორგის არ სურს დარბაზში დაბრუნება. ჩვენ ტაქტიკური გადაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ, რათა ბატონ გიორგის არ მივცეთ ამის საბაბი. თუმცა, ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობა. ბატონი გიგა გამოდიოდა სიტყვით, თუმცა ბატონმა გიორგიმ ისე დატოვა დარბაზი, რომ არც კი აცნობა სხდომის თავმჯდომარეს. ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის პრესტიჟის დაცვაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არ გადავუხვიოთ რეგლამენტს და არ გადავუხვიოთ იმ პროცედურას, რომელიც ჩვენი ძირითადი საკანონმდებლო აქტით არის დადგენილი. ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის, თუმცა შეგვიძლია ერთად მივიღოთ ტაქტიკური გადაწყვეტილება, რათა მივცეთ საშუალება ბატონ გიორგის დაბრუნდეს დარბაზში. მე მახსენდება ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო გაეროში წასვლასთან, ასოცირების შეთანხმებასთან, კონსტიტუციასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა და პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა