ქართული პრესის მიმოხილვა 03.05.2018

ვახტანგ ძაბირაძე - "ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი კარგი გამოსვლა"დაიწყო - ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენშექმნილ ვითარებაში უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის შენობა? * * *

ვახტანგ ძაბირაძე - "ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი კარგი გამოსვლა"

"ძველ" ხალხსა და მათ პოტენციალს ივანიშვილი კარგად იცნობს, ახალ თაობას კი არ იცნობს, ამიტომ წარმოადგინა ე.წ. ახალი სახეები უფრო სოლიდურად. ეს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნოს და შეაფასოს მათი საქმიანობა და მორჩილებაც... თუ ივანიშვილი დარჩება ამ პოსტზე და არ გადაინაცვლებს პრემიერის სავარძელში და იქიდან გადაწყვეტს აღმასრულებელი ხელისუფლების მართვას, ეს არალეგიტიმური იქნება. ეს მოდელი ძალიან ჰგავს საბჭოთა მმართველობის ფორმას - გამოდის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და უნდა აღასრულოს მთავრობამ?! ეს ხომ ლეგიტიმაცია არაა... თუ ისევ ისე დარჩება, ისევ ცუდი ვითარება იქნება", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთი "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ორი ფიგურაა დღეს, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, ოპოზიციური ელექტორატი გააერთიანოს" / ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ზომიერი და კონსტრუქციული იყო.

"ივანიშვილს ისეთი კაპიტალი არ აქვს, როგორიც 2012 წელს, თუმცა რაღაც მაინც შემორჩა. როცა გუნდს კაპიტალი არ გააჩნია და ეს კაპიტალი მხოლოდ შენ გაქვს, პოლიტიკიდან ვერ გახვალ. ასე რომ, ან მთლიანად უნდა გაფლანგოს ეს კაპიტალი, ან მიხედოს ქვეყანას - სხვანაირად ის პოლიტიკას ვერ ჩამოშორდება. არ ვიცი მას რა უნდა, მაგრამ თუ რაღაცის გაკეთება სურს, ჯობს გააკეთოს პრემიერის პოსტიდან. სხვანაირად ნახევრად გაკეთებული საქმე იქნება, რომლის პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ივანიშვილს. ძალიან რთული ვითარებაა. არაორდინალური ნაბიჯებია გადასადგმელი, ამიტომ მარტო პარტიის გასწორებით საქმე არ გაკეთდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - "რას ფიქრობთ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე პასუხობს:

"გამოსვლა საკმაოდ ზომიერი და კონსტრუქციული იყო. აქ არის ორი ვარიანტი - ან უნდა წასულიყო დეტალებში და მთლიანად შეეჯამებინა 5-წლიანი პერიოდი და გამოსვლა იქნებოდა რამდენიმესაათიანი, ან უნდა გაეკეთებინა ზოგადი მიმოხილვა ქვეყანაში არსებული ვითარებისა. მან აირჩია მეორე მიმართულება და მოიცვა თითქმის ყველა პრობლემური საკითხი. შეიძლება პრეზიდენტს რაღაც საკითხში არ ეთანხმებოდე, მაგრამ გამოსვლა თავისთავად იყო ზომიერი და კონსტრუქციული. მისმა ზომიერმა გამოსვლამ ცუდ დღეში ჩააყენა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია იმიტომ, რომ ორივენი, როგორც ჩანს, ელოდებოდნენ უფრო მძაფრ და კრიტიკულ გამოსვლას. პრეზიდენტმა მათ სულ სხვა სცენარი შესთავაზა - წინასწარ მომზადებული თემები ჩაუშალა და სულ სხვა მიმართულება შესთავაზა. ვიტყოდი, რომ ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი კარგი გამოსვლა".

"რაშიც პრეზიდენტს არ დავეთანხმე, ეს იყო კონსტიტუციასა და უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში... დავინახავთ, რა დღეში იქნებიან პრეზიდენტობის კანდიდატები, როდესაც პირდაპირი არჩევნების გამო იძულებული იქნებიან შეხვდნენ მოსახლეობას და გასცენ დაპირებები, რომელთა შესრულებაც არ შეუძლიათ. ვფიქრობ, მარგველაშვილი მეორე ვადით არჩევაზე წავა. დღეს რასაც ვუყურებ და რა გვარებიც ისმის ქართულ საზოგადოებაში, ამ მიმართულებით ძალიან დიდი არჩევანი არ გვაქვს - ერთი არის მარგველაშვილი, მეორე - უსუფაშვილი. შეიძლება ელისაშვილიც, მაგრამ ორი ფიგურაა დღეს, რომელთაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ, ოპოზიციური ელექტორატი გააერთიანონ", - დაასკვნის ანალიტიკოსი.

დაიწყო - ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენ

"ნატო შავ ზღვაზე "პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ" ბრძოლისათვის ძალებს ააქტიურებს. ამ მისიის ფარგლებში ბრიტანული გამანადგურებლები შავი ზღვის აკვატორიაზე იწყებენ პატრულირებას. პლუს, შავ ზღვაში ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის გემებიც შევიდნენ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო გამოწვევაა და იმის მიმანიშნებელია, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-დასავლეთის დიდი დაპირისპირება უკვე რეალურად იწყება. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, სირიაში დაწყებული რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ელემენტები უკვე შავ ზღვაზე ინაცვლებს. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის შეფასებით, პირველი, ეს არის ნატო-ს აქტივობების გაგრძელება შავ ზღვაზე, მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთმა შეცვლა შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი და მეორე, ეს არის საპასუხო ქმედებები რუსეთის მზარდ აგრესიაზე შავი ზღვის რეგიონში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დაიწყო - ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენ / "მისია ამოქმედდა და ეს უკვე პირდაპირი სამხედრო გამოწვევაა რუსეთისთვის და რუსები ამას კარგად აცნობიერებენ".

"სახეზეა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დამოუკიდებლად დაიწყეს იმ მისიის განხორციელება, რაც ნატო-ს კოლექტიურ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდა და შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნასა და ამოქმედებას გულისხმობდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მისია ამოქმედდა და ეს ყველაფერი მიმართულია რუსული აგრესიული მოქმედებების შესაკავებლად შავი ზღვის აკვატორიაში. ეს უკვე პირდაპირი სერიოზული სამხედრო გამოწვევაა რუსეთისთვის და რუსები ამას კარგად აცნობიერებენ", - ამბობს მაისაია. "საზოგადოებამ იხილა უამრავი ვიდეომასალა, როდესაც რუსული გამანადგურებლები სახიფათოდ და გამომწვევად უახლოვდებიან ნატო-ს და კერძოდ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს. ეს ყველაფერი კი რეაგირებას საჭიროებს, რისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონში ნატო-ს გამანადგურებლების მუდმივი მორიგეობა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე მთლიანი სივრცე და ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაცული და კონტროლირებადი იყოს. ეს არის საპასუხო ქმედებები რუსეთის მზარდ აგრესიაზე შავი ზღვის რეგიონში", - აცხადებს სალუქვაძე. ბრიტანეთმა რუმინეთში "ტაიფუნის" ტიპის მოიერიშეები გადაისროლა და ნატო-ს საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში შავი ზღვის პატრულირებას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"შავი ზღვის რეგიონებში ნატო-ს გამანადგურებლების მუდმივი მორიგეობის მიზანია, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე მთლიანი სივრცე და ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაცული და კონტროლირებადი იყოს. ნატო-ს წარმომადგენლების მიერ ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების წარდგენა რუმინეთის ავიაბაზაზე ოფიციალური ცერემონიალით მოხდა და გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ნაბიჯი შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს მისიის გაძლიერებას ემსახურება. "საჰაერო სივრცის დაცვის ასეთი მისიები გარანტიას იძლევა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, პოტენციურ აგრესიას ან ალიანსის, ან მისი წევრების წინაშე მდგარ საფრთხეს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ", - განაცხადა რუმინეთში ბრიტანეთის ელჩმა. გარდა ამისა, შავ ზღვაში ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების გემები შევიდნენ. მის შემადგენლობაში ესპანეთის, თურქეთისა და გერმანიის სამხედრო გემები შედის. შენაერთის ფლაგმანად ბრიტანეთის სარაკეტო ხომალდი "დუნკანია" წარმოდგენილი. ამ დაჯგუფებას ასევე შეუერთდა რამდენიმე რუმინული და ბულგარული მცირე ზომის ხომალდი", - განაგრძობს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კორეის პრობლემის დროებით მოხსნის პირობებში ფაქტობრივად ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ორი დიდი მტერი დარჩათ - რუსეთი და ირანი. ირანთან დაკავშირებით იწყება საკმაოდ რთული პროცესი ბირთვული პროგრამის საკითხზე და ახლა დასავლეთი სწორედ რუსული აგრესიის აღსაკვეთად დაიძრა, რაც მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, შავ ზღვაზე რუსეთის შეიარაღება სახიფათოდ გაძლიერებულია, ნატო-ს წინა სამიტებზე კი ჩავარდა შავი ზღვის სამხედრო გაძლიერებაზე ინიციატივა, ამიტომაცაა, რომ აშშ და ბრიტანეთი დამოუკიდებლად ცდილობენ რუსული გაძლიერებული აგრესიის შეკავებას", - დასძენს გამოცემა.

"ამ გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე, როდესაც ცივი ომი შავი ზღვის აკვატორიაში ინაცვლებს, საქართველოზე ფსონი იმატებს. ამიტომ ნატო-ში საქართველოს თემატიკა აქტიურდება და შესაძლოა, მომდევნო სამიტზე მაკედონიის, საქართველოსა და უკრაინის თემა წამოიწიოს. მოლოდინი მაქვს, რომ აშშ და ბრიტანეთი შეეცდებიან, ლობირება მოახდინონ და ამ სამი ქვეყნის შანსები წევრობაზე უფრო გაიზარდოს. ამიტომ ახლა მაპ-ის მიღების შანსები ჩვენთვის იზრდება. დასავლეთს დღეს ჰაერივით სჭირდება ის ტერიტორია და ბაზები, რომელთა მეშვეობითაც შავი ზღვის პატრულირება გაძლიერდება და ეფექტური იქნება. რუმინეთის ტერიტორია არასაკმარისია. თურქეთის ბოლო პერიოდის ორჭოფული პოლიტიკა გამორიცხავს მასზე ნატო-ს დაყრდნობას. უკრაინაში საზღვაო ბაზები ფაქტობრივად რუსებს აქვთ წართმეული, ამიტომ საქართველოს საზღვაო სანაპიროს მნიშვნელობა იზრდება. ამერიკელების ხშირი ჩამოსვლა ქართულ პორტებში, ესეც არ არის შემთხვევითი გარემოება", - აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"ნატო-ს მხრიდან ჩვენ მახლობლად შავ ზღვაზე გააქტიურება კარგია და ამ ფონზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ის ხედვა, რომ სახელმწიფოს სამხედრო ფლოტი გააჩნდეს - რატომღაც გვგონია, რომ ისეთი მასშტაბური საზღვაო ფორმირებები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რაც საჭირო არ არის. პირველ რიგში, იმისათვის, რომ შავ ზღვაზე ვიყოთ წარმოდგენილი, სამხედრო ფლოტის შექმნა აუცილებელია, რომ პარტნიორებთან ერთად ერთიან კოალიციურ ძალებში შეგვეძლოს მოქმედებები და არა იმაზე, რომ ისეთი ფლოტი შევქმნათ, რომელიც რუსეთს დაუპირისპირდება. ამას ვერ ვაგებინებ სამხედროებს. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის საჰაერო სივრცის კონტროლი საზღვაო აკვატორიაში. ისეთი სარადარო სისტემები უნდა შევქმნათ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რისი კონტროლიც შესაძლებელია, გავაკონტროლოთ. ამ ორი მიმართულებით შეგვეძლება, ჩვენს სივრცეში მივიღოთ მონაწილეობა და ამ ორ მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

შექმნილ ვითარებაში უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის შენობა?

"მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის დებატებში პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე, ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე", - განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა, დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი იქამდე დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის პერმანენტულად საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართვს კითხვით - უნდა დაეტოვებინა თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის შენობა?

"მე ამ ნაბიჯს ვერც ცუდს და ვერც კარგს ვერ ვუწოდებ. უძალო ადამიანის ქმედებებია და მეცოდება. მან დრო დაკარგა, ძალიან დააგვიანა, ყოფილიყო პრინციპული, ქმედითი, აქტიური. უდავოდ ნიჭიერი კაცია, როგორ ვთქვა ცუდი, მას შეეძლო, ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოში, გასვლას სიმბოლურად აღვიქვამ, როგორც ბრძოლის ველის დატოვებას, ანუ ვერ შეასრულა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, რისი პოტენციალიც ნამდვილად ჰქონდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მწერალი გია ბუღაძე.

"ჩემი აზრით, არ იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ არც პარლამენტი მოიქცა სწორად. პრეზიდენტის დებატებში ჩართვა რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ რადგან ეს მარგველაშვილის ბოლო გამოსვლა იყო, შეეძლოთ, გარკვეული კორექტირება შეეტანათ. თუ ეს არ გაკეთდა, პრეზიდენტი მაინც ბოლომდე უნდა დარჩენილიყო და საბაბი არ მიეცა მათთვის, ვინც ეუბნება, რომ პარლამენტს პატივს არ სცემს", - აღნიშნავს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"არ უნდა დაეტოვებინა შენობა, უნდა დარჩენილიყო და მოესმინა კრიტიკა, მწარე მოსასმენი იქნებოდა თუ ტკბილი, ტყუილი თუ მართალი. თან, რეგლამენტიც არ ითვალისწინებდა მის მოთხოვნას", - თვლის დემოგრაფი ავთო სულაბერიძე.

"რეგლამენტი პრეზიდენტის დებატებში ჩართვას არ ითვალისწინებს და ეს მან იცოდა. შეეძლო ეთქვა, რომ შეცვლილიყო კანონი, წინასწარ დაეყენებინა საკითხი. ამ ნაბიჯს სერიოზულს ვერ ვუწოდებ", - დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა