პროკურატურის შუამდგომლობით პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე კიდევ ერთი პირის საქმე გადაისინჯება, ერთი მსჯავრდებული კი გამართლდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ სიმონ წურიაშვილის საქმე გადაისინჯება, მასთან ერთად განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მოქალაქე კორნელი კუკულაძის მიმართაც იქნა მიღებული, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილი, რომ სიმონ წურიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 2007-2008 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რა დროსაც საკუთარი ავტომანქანით გადაჰყავდა პარტიის აქტივისტები.

„განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით სიმონ წურიაშვილის დაკავება. 2008 წლის 25 ნოემბერს სიმონ წურიაშვილი სიძესთან და მეზობელთან ერთად საკუთარი ავტომანქანით გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან გადაადგილდებოდა ქ. გორის მიმართულებით, რა დროსაც იგი შეაჩერეს სამართალდამცველებმა, ავტომანქანაში ჩაუდეს ორი ცალი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და დააკავეს უკანონოდ. სიმონ წურიაშვილის ბრალდების დამძიმების და მის მიმართ ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნის მიზნით, საბრძოლო ვაზნები ასევე ამოიღეს სოფელ ფხვენისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდანაც. 2009 წლის იანვარში, სიმონ წურიაშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლით და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, დაიკითხნენ ფაქტის შემსწრე თვითმხილველი ახალი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ სიმონ წურიაშვილის უდანაშაულობის და სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალის ,,ჩადების“ თაობაზე. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა მოქალაქე კორნელი კუკულაძის მიმართაც.

„2001 წლიდან მოყოლებული კორნელი კუკულაძე მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა პანსიონატის მშენებლობის მიზნით. 2006 წელს, აღნიშნული ქონება ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კორნელი კუკულაძის მიმართ დაიწყო ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით. იგი თაღლითობის ბრალდებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი მოტყუებით ჰქონდა ხელში ჩაგდებული, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად სამართალდამცავების მოთხოვნით კორნელი კუკულაძემ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა კორნელი კუკულაძის მიერ ქონების კანონიერად ფლობის და სამართალდამცავ ორგანოში ზეწოლის განხორციელების ფაქტები, რაზედაც მიუთითებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს კორნელი კუკულაძის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს, რომელიც გარდაცვლილია და მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას დაზარალებულის უფლებამონაცვლე - შვილი ვახტანგ კუკულაძე მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ მოქალაქე გიორგი ონიანი გაამართლა.

„მოქალაქე გიორგი ონიანი 2011 წელს გასამართლდა მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, მან საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. ქონების ჩამორთმევის მიზნით, თითქოსდა ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ონიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ კუთვნილი 228,38 ჰა-დან უკანონოდ დაათმობინეს 120 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 58 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, ამათგან 13 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 22 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს