მამუკა ბახტაძე - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს, საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს, საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ CAREC-ის წლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ფილიპინებში, ქ. მანილაში გაიმართა.

„ჩვენი მიზანია, მოხდეს რეგიონის უფრო მეტად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დღეს, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. თუ შეხედავთ აბრეშუმის გზის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების სტრატეგიებს, ვნახავთ, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოება. საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკის კონცეფციას, რომელიც ეხება ვაჭრობას ბარიერების გარეშე. სწორედ ამ კუთხით აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მოდელი ეფექტური ვერ იქნება კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურადაა ჩართული კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას.

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა