თბილისში იყოს ვარდების რევოლუციის მოედანი, იგივეა, დიდი ოქტომბრის რევოლუციის მოედანი არსებობდეს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მარიკა დათუკიშვილის გამოსვლას, რომელმაც ვარდების რევოლუციის მოედნისათვის სახელის გადარქმევა ბოლშევიკურ ნაბიჯად შეაფასა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოლშევიზმის ხსენება ძალიან მცდარი ნაბიჯია, რადგან დღეს თბილისში იყოს ვარდების მოედანი, სწორედ იგივეა, დიდი ოქტომბრის რევოლუციის მოედანი არსებობდეს. ერთმა მოუტანა ქვეყანას სტალინის გულაგები, ხოლო ვარდების რევოლუციამ ქვეყანას მოუტანა სააკაშვილის გულაგები“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა უპასუხა ასევე ოპოზიციის კრიტიკას ქალაქში მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით. ტალიაშვილის თქმით, ხელისუფლების სტრატეგია, ქალაქში მოეწყოს მიწისქვეშა პარკირების სისტემა, სწორი და გამართლებულია და ამ სტრატეგიის ნაწილი იყო პუშკინის ქუჩაზე საინვესტიციო ვალდებულებით ტერიტორიის გადაცემა.
,,დღეს ოპოზიცია ისე წარმოაჩენს, თითქოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სხვა ქმედება ხორციელდება და პუშკინის ქუჩის საინვესტიციო ვალდებულებით გადაცემა სხვა ტიპის ქმედება იყო. დღეს არსად ჩანს მათ მიერ მოწყობილი ხმაურიანი აქციები, ვინაიდან მათ კარგად ესმით, რომ იდგმება სწორი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ვინაიდან წინა შემთხვევაში პროექტი ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდებოდა, მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის შექმნეს აჟიოტაჟი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კამპანია აწარმოეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და მავნებლობა, როდესაც ქალაქისათვის სასიკეთო საქმეებს უპირისპირდები’’, - განაცხადა ტალიაშვილმა.