ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ წელს კლების მაჩვენებელი 10% იყო და ეს არანაირად არ არის აღსანიშნავი ფაქტი, რადგან ახალი სტატისტიკა რეალურად უკან სდევს იმ უარყოფით მაჩვენებელს, რომელიც გვქონდა, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: შედეგები და განვითარების პერსპექტივები“, მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით მესხიშვილის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზების სტატისტიკური კვლევა და რეალურად, უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გარდა ზოგადი მონაცემებისა, რომ იყო არასწორი მანევრირება.
მესხიშვილის თქმით, იმის გამო, რომ არ ვიცით შემთხვევების გამომწვევი მიზეზები, ვერ იგეგმება პრევენციული ღონისძიებები.
„გარდა ამისა, ძალიან თვალნათლივ იკვეთება, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური, სტრუქტურული პრობლემა. ტრანსპორტის სექტორი გაბნეულია 4 სამინისტროში. ამას თან ერთვის მუნიციპალიტეტები და მათ შორის კოორდინაცია არის ძალიან ცუდი. საგზაო უსაფრთხოების კომისია არსებობს ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მას არ აქვს ბერკეტი მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები და ეს არის სათათბირო ორგანო. აუდიტის სამსახურიც ამას წერს, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაც ისაა, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ერთი ცენტრალიზებული სტრუქტურა ტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ეს იქნებოდა უფრო ლოგიკური“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უნდა დაინერგოს თანამედროვე მოდელი და იყოს თანამედროვე მენეჯმენტი ისეთი, როგორიც ეს ლიტვაშია.
„3 წლის წინ ლიტვაში გარდაიცვალა 580 ადამიანი, გასულ წელს კი 177 ადამიანი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ამ სისტემის მოწყობა“, - განაცხადა მესხიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"