სოფიო ვერძეული - კლუბებში სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები პროკურატურაში გაიგზავნება

12 მაისის ღამეს, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში გაიგზავნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფიო ვერძეულმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას EMC გაუგზავნის სახალხო დამცველის აპარატსაც, ასევე ზოგადად სპეცოპერაციებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივ ანალიზს ამზადებს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ სამართლებრივი ანალიზი გავაკეთოთ, როგორც სპეცრაზმის მხრიდან ჩხრეკის ჩატარების, ასევე შემდგომში, ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მსვლელობა მივცეთ ყველა ფაქტს. მაგალითად, იმ ფაქტებზე სადაც უკანონო დაკავება ან უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება, მივმართავთ პროკურატურას და ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველის აპარატთან, რომელიც იწყებს საქმეების შესწავლას. იმ ფორმატში, რომელიც შსს-ში გაიხსნა, ვერ წავალთ იმაზე შორს, ვიდრე დღეს ვართ. ინსტიტუციურად შსს საქმეს ვერ გამოძიებს და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მთავარია, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს სამინისტრომ პოლიციის სისტემის მიმართულებით და იმ ხალხის პასუხისმგებლობის მიმართულებით, ვინც დაგეგმა და განახორციელა ეს სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე, სამინისტრო არ აპირებს, ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, ვიდრე სახალხო დამცველის დასკვნა დაიდება, ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ჩვენ ვაპირებთ შევაგროვოთ ყველა ეს ფაქტი და მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა პროკურატურაში და სახალხო დამცველის აპარატთან“, - განაცხადა ვერძეულმა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების მზაობას, როგორც ვერძეული მიიჩნევს, სახელმწიფომ უნდა გამონახოს კომპრომისის აუცილებლობა შექმნილ ვითარებაში.

„ჩვენ კარგად ვხედავთ რა სიტუაციაა. აქციის ორგანიზატორები, აქციის მონაწილეები ელოდებიან ამ შეხვედრების შედეგებს. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველივე სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთება თუ რამდენად არსებობს რესურსი პოზიციების დაახლოების. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიზისული თემა, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკის რეფორმას, იყოს სამუშაო შეხვედრაზე განხილული. არ უნდა გადაიდოს თემები, რომელზეც სახელმწიფო ამბობს, რომ ვერ შევთანხმდებით. ამავე შეხვედრაზე გამოჩნდება თუ რა დათმობებზე აპირებს სახელმწიფო წამოსვლას. ჩვენი მხრიდან მოთხოვნაა, რომ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში ჯანდაცვის მინისტრი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმაში. რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, ასეთია: ეს არის ნარკოპოლიტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ნარკოტიკების სამართლიანი ოდენობების განსაზღვრა“, - განაცხადა ვერძეულმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა