მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სუს-ი თავის სოსო გოგაშვილით, აგრეთვე, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ზოგიერთი წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე, გურამ შარაძის შვილმა ხელი გავიშვირო ბიძინა ივანიშვილისკენ, თითქოს ის ბლოკავს მამაჩემის მკვლელობის საქმეს, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მას სურვილი აქვს პირადად შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს, რათა უშუალოდ წარუდგინოს საქმეში არსებული ახალი მტკიცებულება. რუსუდან შარაძე იმედოვნებს, რომ ივანიშვილსა და მას შორის ამ საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი კომუნიკაცია შედგება.
რუსუდან შარაძის განცხადებით, საქმეში გამოჩნდა მოწმე, რომელიც გურამ შარაძის მკვლელის ვინაობას ასახელებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოწმე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დათა ახლაიას „მარჯვენა ხელია“.
"გამოჩნდა გურამ შარაძის მკვლელობის ოქროს მოწმე, რომელიც მზად იყო მოეტანა მტკიცებულება აუდიო-ჩანაწერის სახით რითიც დამტკიცდებოდა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს გიორგი ბარათელს, რომ მისი მკვლელი არის დათა ახალაის ბანდა და ამ ჩანაწერში არის დასახელებული იმ მკვლელის ზედმეტსახელი, რომელმაც უშუალოდ მოკლა მამაჩემი მელიქიშვილის გამზირზე. ეს რომ ნამდვილად არსებობს უკვე პროკურატურას ეჭვი არ ეპარება. ეს ჩემი მოსაზრება არაა, ეს გახლავთ ასპროცენტიანი ინფორმაცია, რომ მოწმეს ეს მტკიცებულება გააჩნია და სოსო გოგაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ მოწმე დღეს არის დაშანტაჟებული, შეშინებული და გადამალული. კაცი გადაიკარგა ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ. მე ბატონ ბიძინას საქმის ვითარება უნდა ვუთხრა, უნდა ვაჩვენო და მოვასმენინო მტკიცებულებები და უნდა დავასახელო მისი ნათესავები და უშუალოდ, გოგაშვილი - რას აკეთებდა და რას აკეთებს, იმისთვის რომ დავიჯერო, თითქოს მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიება ბიძინა ივანიშვილს არ უნდა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
მან აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ განუცხადა, სადაც სუს- ის ხელმძღვანელის მოადგილე მისი პრესკონფერენციების დაბლოკვაშიც დადანაშაულა.
"მთავარი მიზეზი ჩემი პრესკონფერენციის ქუჩაში მოწყობის გახლავთ ის, რომ სუს-ი და კერძოდ, სოსო გოგაშვილი ბლოკავს ჩემ პრესკონფერენციებს. არ მაქვს იმის საშუალება, რომ პრესკლუბიდან მივაწვდინო ხმა როგორც ხელისუფლებას, ისე მთელ საქართველოს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ როდესაც აპრილს თვეში გავმართე პრესკონფერენცია, პრესკლუბში მარტო ვიჯექი. ამან გამახსენა სააკაშვილის მკვლელების ბანდები როგორ უშლიდნენ ხელს მამაჩემს პრესკონფერენციის დროს და როგორ ტოვებდნენ მარტო. სოსო გოგაშვილმა ეს გააკეთა დღეს, 2018 წელს,თუმცა რაც იქ მოვყევი, საინტერესო ფაქტები დაბლოკვის შედეგად არსად გაშუქებულა. მოვედი აქ, რადგან ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სუს-ი, თავის სოსო გოგაშვილით, აგრეთვე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა და ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ზოგიერთი წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე, გურამ შარაძის შვილმა ხელი გავიშვირო ბიძინა ივანიშვილისკენ, რომ თითქოს ის ბლოკავს მამაჩემის მკვლელობის საქმეს და ის არის წინააღმდეგი,რომ ამ საქმეს ფარდა აეხადოს. მე, ეს არ მჯერა, მაგრამ სჯერა სოსო გოგაშვილს და ბატონი ბიძინას უახლოეს გარემოცვას. მოვედი იმისთვის, რომ გავიგო და დავრწმუნდე - ვინ არის ჩვენს შორის მართალი, მე, რომელსაც მჯერა, რომ ბატონ ბიძინას არ გადაუხვევია სამართლიანობის გზისთვის,თუ მართალია სოსო გოგაშვილი და ბატონი ბიძინას ნათესავები?! მე ბევრჯერ ვეცადე, რომ შევხვედროდი სოსო გოგაშვილს, მაგრამ ვერ მივაღწიე. ბატონი ბიძინა სოსო გოგაშვილი არაა და იმედი მაქვს, რომ თხოვნა თხოვნად არ დარჩება. უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინას, გამოყოს რამდენიმე წუთი და შემხვდეს პირადად, რადგან მოვახსენო, რა ვითარება შეიქმნა ბოლო ხანებში მამაჩემის მკვლელობის ირგვლივ. რაც მთავარია, წარვუდგინო მტკიცებულებები, თუ ვინ მიშლის ხელს, ვინ იშვერს ხელს მისკენ და დავუსახელო ეს კონკრეტული ადამიანები“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აწყობს მოქმედ ხელისუფლებას გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, რუსუდან შარაძე პასუხობს, რომ მამამისის და აგრეთვე ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ყოფილმა პრეზიდენტმა „შეუკვეთა და მისი ლობები საქმის გამოძიებას ბლოკავენ“.
"მე ზუტად ვიცი, რომ სააკაშვილის მსოფლიო ლობები არიან კატეგორიული წინააღმდეგი და ხელისუფლების მიმართ არის მუქარა, რომ ეს ორი მკვლელობა - შარაძის და ჟვანიას არ გაიხსნას. მე ეს კარგად მესმის",- განაცხადა რუსუდან შარაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"