2017 წელს 16 წლამდე მოზარდების დაღუპვის შემთხვევებმა იმატა, რასაც გადაადგილების წესების დარღვევა იწვევს

ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 2016 წელს დაიღუპა 17 მოზარდი, მათ შორის 11 მგზავრი და 6 ქვეითი იყო. 2017 წელს დაიღუპა 23 მოზარდი, მათ შორის 12 მგზავრი იყო, 11 ქვეითი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს საგზაო შემთხვევების საერთო რიცხვი 15% -ით შემცირდა თუმცა, სწორედ ამ სტატისტიკის გათვალისწინებით ითხოვენ სპეციალისტები იმ რეგულაციების დახვეწას, რომელიც მოზარდების ავტომობილებით გადაადგილებისას მოქმედებს.

ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამ პირობებში ავტომობილით ბავშვების გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ საკითხს მეტი ყურადღება რომ სჭირდება, ამას მოზარდების დაღუპვის მაჩვენებელიც ადასტურებს.

საქართველოს კანონმდებლობა

„საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით.

3 წლამდე ბავშვის ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას.

3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია სავარძლით ან უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში, იმ პირობით, რომ მგზავრს მხოლოდ ერთი ბავშვი უზის კალთაში და სარგებლობს უსაფრთხოების ღვედით.

127-ე მუხლის მიხედვით, ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 40 ლარით და 20 ქულის ჩამოკლებით ჯარიმდება.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 იანვარ-თებერვალში თბილისში ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევის 58 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში- 230, ქვემო ქართლში-204. სულ ქვეყნის მასშტაბით- 786 დარღვევაა აღრიცხული.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური ციფრები დარღვევების მასშტაბს სრულად ვერ ასახავს და ამ მხრივ გზებზე გაცილებით რთული მდგომარეობაა. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები წინა სავარძელზე სხედან ან მშობლები სპეციალურ სამგზავრო სავარძლებს არ იყენებენ.

InterPressNews.Geპროექტის “სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად” ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს აშშ საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებთან დაკვირვების მეთოდით კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ 6 წლამდე ბავშვები მშობლების მხოლოდ 6%-ს აქვს საბავშვო სავარძელი ავტომობილში, ერთი მეოთხედი (26%) კი 6 წლამდე ბავშვებს წინა სავარძელზე სვამს, რაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევაა და საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება. ბაღის ტიპის მიხედვით (საჯარო, კერძო) განსხვავება ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების მხრივ, ძალიან მცირეა.

კვლევის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მძღოლს ავტომობილის მართვისას კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე დაფიქსირდა საბავშვო სავარძლის არასწორად გამოყენების შემთხვევაც, როდესაც ის წინა სავარძელზე იყო დამაგრებული.

ბავშვის ძვლები მყიფეა და კუნთებიც არ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამიტომ ისინი უფროსებზე გაცილებით მეტ დაზიანებას იღებენ და უმნიშვნელო შეჯახების დროსაც კი შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიიღოს. სამგზავრო სავარძელი ისეა მოწყობილი, რომ ის იცავს დაზიანებისგან ზუსტად იმ ადგილებს, რომელიც ყველაზე საფრთხილოა. ასევე, მნიშვნელოვანია სავარძლის სწორად გამოყენება, კერძოდ კი წონისა და სიმაღლის მიხედვით შერჩევა და სწორად დამონტაჟება.

ევროპული გამოცდილება

ევროპის ქვეყნებში, მძღოლს უფლება აქვს, 12 წლამდე ასაკის და 135-150 სმ-მდე სიმაღლის ბავშვი ავტომობილით ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის სალონის უკანა სავარძელზე დამონტაჟებულია ბავშვის სპეციალური სავარძელი. 15 თვემდე მოზარდი ავტომობილის მოძრაობის საპირისპიროს მხარეს დამონტაჟებულ სავარძელში უნდა იყოს მოთავსებული. ტაქსიში/საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვაგვარად რეგულირდება სავარძლების გამოყენება. ამ წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 100 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

სამგზავრო სავარძელი 85 ქვეყანაშია კანონმდებლობით დარეგულირებული.

საბავშვო სავარძლები განვითარებულ ქვეყნებში 60-იანი წლებიდან არსებობს. ის ბრიტანეთში შექმნეს და შემდეგ გავრცელდა ევროპის და სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ სავარძლის დიზაინი და უსაფრთხოების სტანდარტი მუდმივად იხვეწება. სამგზავრო სავარძელი 3 წლამდე ბავშვს 70%-ით იცავს, 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვს კი 80%-ით. შესაბამისად, ევროპული ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სავარძლების გამოყენებამ ავარიების დროს დაღუპული ბავშვების რიცხვი მკვეთრად შეამცირა.

არასამთავრობო სექტორის ინიციატივა

InterPressNews.Ge„იმისათვის, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ, საჭიროა გავითვალისწინოთ მსოფლიო გამოცდილება და მანქანით მგზავრობისას აუცილებლად გამოვიყენოთ სამგზავრო სავარძელი,”- მიიჩნევენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის გამკაცრებას და მეტ რეგულაციას ითხოვს: მათი რეკომენდაციით, კანონში „საგზაო წესების შესახებ” უნდა შევიდეს ცვლილებები:

1. 3-დან 12 წლამდე მოზარდის უსაფრთხოდ მგზავრობის წესის დადგენა.

2. 3 წლამდე ასაკის მოზარდისთვის უსაფრთხოდ მგზავრობის წესის დაზუსტება/დადგენა;

3. სავალდებულო გახდეს უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის კანონი.

„იურიდიულ კომიტეტთან და შსს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმის მიმდინარეობა შევაჯამეთ, ვნახეთ, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით, შემცირებულია, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ასევე, დაშავებულების და გარდაცვლილების რიცხვი. მაგრამ გარდაცვლილების ზრდაა 16 წლამდე მოზარდებში და მათ შორის ნახევარზე მეტი მგზავრები არიან.

მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის წესები პრაქტიკულად არ რეგულირდება, განსაკუთრებით 12 წლამდე მოზარდების.

განვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა დაცვის მექანიზმები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ამას არეგულირებს ევროკავშირის დირექტივა, გაეროს 129-ე და 44-ე რეგულაციები. თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, ეს რეგულაცია აუცილებლად გვქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ ამაზე მსჯელობა და მზად ვიყოთ უკვე საშემოდგომო სესიისთვის, რომ პარლამენტმა განიხილოს როგორც საკანონმდებლო ინიციატივა”, - ამბობს ეკა ლალიაშვილი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელი.

საბავშვო სავარძლების გამოუყენებლობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მშობლებში ცნობადობის დაბალ დონეს ასახელებენ.

„ხშირად მძღოლები სავარძლის გამოუყენებლობას სიძვირეს აბრალებენ, თუმცა, ეს რეალური მიზეზი არ არის, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, - კვლევამაც გვიჩვენა, რომ საჯარო და კერძო ბაღებში სავარძლის გამოყენების მაჩვენებელი ერთნაირად დაბალია. ვისაც მანქანა ჰყავს, ბუნებრივია, მას სავარძლის ყიდვის საშუალებაც ექნება.

3-დან 12 წლამდე შუალედში ბავშვთა გადაყვანის წესები საერთოდ არ არის დარეგულირებული, არადა, შეიძლება მარტივად გადაწყდეს პრობლემა. ე.წ. “ბუსტერის”(ასამაღლებელი სკამი) შეძენა ნებისმიერს შეუძლია. მშობლებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ სავარძელი იმისთვის არის, რომ შეჯახებისას შვილი გადაარჩინოს.

ასევე, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ წინ, მძღოლის გვერდით არა არის რეკომენდირებული საბავშვო სავარძლის დადგმა, რადგან შეჯახებისას უსაფრთხოების ბალიში იხსნება და ბავშვს აზიანებს. თუ წინა სავარძელზე მაგრდება, ამ დროს უნდა გაითიშოს ბალიში და ამასაც თავისი წესები აქვს.

რაც შეეხება უკანა სავარძლით გადაადგილებას, ხშირად მშობელი ან მოზრდილი ვერ იმაგრებს ბავშვს, რადგან შეჯახებისას მისი წონა 10-ჯერ იზრდება. შესაბამისად, მოქმედი კანონი უსაფრთხოებას ვერ ემსახურება.

გვინდა, რომ 26-ე მუხლი „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაემატოს ჩანაწერი, რაც 3-დან 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოებას დაარეგულირებს და სავარძლის, “ბუსტერის” და დამცავი ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდება. ასევე დაუშვებელია, სამშობიაროდან ახალშობილის გაყვანა ასევე სავარძლის გარეშე გადაყვანა.

InterPressNews.Geგვესმის, რომ ავტოპარკი გაუმართავია და უკანა სავარძელზე ბევრს ღვედი არ ჰქონდეს, ამიტომ საუბარია, იმ კატეგორიის ტრანსპორტზე, რომელსაც კონსტრუქციულად მოჰყვება ღვედი. იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადაც ღვედი არ არის, შესაძლოა გამონაკლისის დაშვება. ტაქსიც შეიძლება იყოს გამონაკლისი- თუ ბავშვი 3 წელზე მეტის არის, უკანა სავარძელზე მოთავსდეს და დიდი ღვედი გამოიყენოს.

რეგიონებში შესაძლოა განსაზღვრული დაშვებები იყოს, მაგრამ ქალაქში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ეს დარეგულირებული უნდა იყოს”, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, რომ სავარძელი ბავშვის ზომისა და წონის შესაბამისად სწორად შეარჩიონ. ბავშვს ზრდასთან ერთად სავარძლის გამოცვლა სჭირდება. მნიშვნელოვანია, სავარძლის სწორად დამაგრება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ სავარძლის დაამაგრონ ღვედი რომ დარტყმის დროს სავარძელმა პოზიცია მყარად შეინარჩუნოს და თავისი ფუნქცია შეასრულოს. 8 წლის ზემოთ მოზარდი შესაძლებელია მოთავსდეს ასამაღლებელ ბალიშზე, ე.წ. ბუსტერზე, რომელიც მაგრდება უკანა სავარძელზე და ბავშვი დიდი ღვედით იკვრება. ეს არის იმისთვის, რომ ბავშვს შეჯახების ან დამუხრუჭების დროს ღვედმა კისერზე არ მოუჭიროს.

„როცა ვხედავთ, ბავშვები როგორი დაუცველები არიან მგზავრობის დროს, ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები და რისკები აღმოიფხვრას. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას ერთი ორგანიზაცია ვერ მოერევა. საჭიროა, გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნება, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები და ასევე, მხარდამჭერთა დიდი წრე, რომლებიც იბრძოლებენ ჩვენი შვილების დაცვისა და გადარჩენისთვის.

„ჩვენ არ ვითხოვთ მაღალ სტანდარტებს. მხოლოდ იმას, რითიც შეიძლება დავიწყოთ. რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით მალე მოგვიწევს ამის გაკეთება. ყველაფრის ერთბაშად გაკეთება შეუძლებელი იქნება, მაგრამ უნდა დავიწყოთ და ეტაპებად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს”, -აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

სწორედ საბავშვო სამგზავრო სავარძლებთან დაკავშირებული რეგულაციები იქნება სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის თემა, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებთან ერთად უნდა იმსჯელონ, რა იქნება მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები კანონში. რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა