ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით

გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისგან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

„ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით“,- განაცხადა აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის დაძლევა, შეძლო, თუმცა, მისივე თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენს წინაშეა თანამედროვე გამოწვევები, რომლებთან გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება.

„გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან - ჯანდაცვის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, გენდერული თანასწორობა, დასაქმება და ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინოვაციები, დეცენტრალიზაციის საშუალებით რეგიონების მდგრადი განვითარება, მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენა ქვეყანასა და რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობა - ხელისუფლებისა და ხალხისათვის ყველაზე განხილვადი და საყურადღებო საკითხებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „2012 წელს, მთავრობაში მოსვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ გეზი აიღო ბევრი იმ პრობლემის დაძლევისკენ, რომლებიც მოგვიანებით 2015 წლის სექტემბრის სამიტზე, გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ 17 ამოცანის სახით იქნა დამტკიცებული“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ძირითად დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელისუფლების გამოცდილებას ასახავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო, თავი დაეღწია მოკლევადიანი აზროვნების წრისთვის და მომავლის შენებაში რეალური ინვესტიციები ჩაედო.

„უპირველეს ყოვლისა, მდგრადი განვითარების ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს ამოცანები დაკავშირებულია დანახარჯებთან, რომლებიც ყოველი მთავრობისათვის ძნელი გასაწევია, რადგან შედეგის მიღებას გრძელვადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს. ჩვენ შევძელით, დაგვეღწია თავი მოკლევადიანი აზროვნების მოჯადოებული წრისათვის და რეალური ინვესტიციები ჩაგვედო მომავლის საქართველოს შენებაში - მოსახლეობის ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ურთულეს რეგიონსა და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში განვითარების მიუხედავად, საქართველოს არასდროს გამოუყენებია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები საბაბად, რომ განვითარების პრიორიტეტებიდან გადაეხვია.

„ჩვენი ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესების თანმიმდევრული დამცველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, სხვადასხვა ფორმით, კვლავ მიმდინარეობს“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობას და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.

„მდგრადი განვითარებისათვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. ჩვენ არა მარტო შევძელით კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობასა და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. დემოკრატიული გარემო უმნიშვნელოვანესია მმართველობის გაუმჯობესებისა და რეფორმების გატარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის პარლამენტი.

„სწორედ პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“,- განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუნგონგმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა მიმართეს.

კონფერენციის მონაწილეები გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა