თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება. ძალიან ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა მრავალი ქვეყნიდან, რომელიც იკვლევს პლატონის ფილოსოფიურ ასპექტებს. განიხილება ინტერდისციპლინური ასპექტები. კონფერენციის დასკვნით დღეს, დაარსდება კავკასიის პლატონისტთა საზოგადოება, რომელიც გახდება საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი ჩამოყალიბდება ჩვენს უნივერსიტეტში. სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს კონფერენციაში“, - განაცხადა შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ კავკასიის პლატონისტთა საზოგადოებაში გაწევრიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პლატონისტები.

“პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება, რომელიც პლატონის ფილოსოფიას, მისი ფილოსოფიის ინტერდისციპლინურ საკითხებს ეძღვნება. კონფერენცია არის ძალიან მასშტაბური, რადგან მასში მონაწილეობს 60-ზე მეტი საყოველთაოდ ცნობილი და ახალგაზრდა მეცნიერი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ასეთი მასშტაბის კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ჩამოსული არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებლები, მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც“,- განაცხადა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ.

“ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა ბევრი მიზეზის გამო. თსუ არის არა მხოლოდ გამოყენებითი მეცნიერებების წინა ხაზი, არამედ ლიდერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ვამაყობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობით და მიღწევებით,“- აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

„კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას პლატონის ქართულ ენაზე თარგმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავი მოიყარა პლატონის ყველა ცოცხალმა და ცნობილმა მკვლევარმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციისა და აზრების გაცვლას, სიახლეებზე საუბარს“, - აღნიშნა მკვლევარმა, პლატონის მთარგმნელმა მაია შუხოშვილმა.

ცნობისთვის, კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო კონფერენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს