ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტთაშორისო კავშირს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირი კარგი პლატფორმაა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთან ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მისივე თქმით, ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი წარმატებით იყენებს.

საუბარი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო. ირაკლი კობახიძემ მარტინ ჩუნგონგს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებას ითვალისწინებს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, საქართველოს პარლამენტმა საკუთარ გამოცდილება სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც გაუზიაროს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას, ასევე, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრაზე აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი