საკონსტიტუციო სასამართლო - ვიმედოვნებთ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაუსაბუთებელი განცხადებებით არ მოახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას

მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება ეხმაურება “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მონიტორინგის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილია თითქმის 180-ათასლარიანი მანქანა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარკვეული ხარჯების რაციონალურობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება საზოგადოების აქტიურ დაინტერესებას სასამართლოს საქმიანობის მიმართ. მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისათვის და ეხმარება მას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებაში. შესაბამისად, მეტად ღირებულია სამოქალაქო საზოგადოების როლი საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული შეფასებები, ერთი მხრივ, არ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების სწორად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, ხოლო, მეორე მხრივ, შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიან განხორციელებაზე.

განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს ინფორმაციის გავრცელება კონფიდენციალურ საკითხებთან (თათბირის საიდუმლოება, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა) დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაციის შინაარსის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გააკეთოს განმარტება გავრცელებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, უარყოს ან დაადასტუროს იგი. დაუდასტურებელი ფაქტების გავრცელებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ არასწორი წარმოდგენების შექმნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონიტორინგის პროცესში და ითანამშრომლონ სასამართლოსთან კონსტიტუციური კონტროლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სასამართლო მუდმივად ცდილობს მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე. ხსენებული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, განხილული საქმეების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მიმოხილვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ღიაა იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომლებიც არ შეიცავს თათბირის საიდუმლოს ან სხვა სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სასამართლოს მონიტორინგის პროცესს და დაუსაბუთებელი განცხადებებით არ მოახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა