ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქუთაისის მერიის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

"ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში, პირველ რიგში, დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, არც ერთ ნაწილში სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მის მეუღლეს სუს-ის თანამშრომლები დაჰყვებიან. სარალიძემ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, რომ მის ოჯახს არ გაეკარონ.

„მივმართავ ქუთაისის ადმინისტრაციას, რომლებიც პირდაპირ მიდიან და ჩემი ოჯახის წევრებს რაღაც მოთხოვნებს უყენებენ. ვაფრთხილებ ყველას, არ გაეკარონ ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემს მეუღლეს დაჰყვებიან სუს-ის თანამშრომლები ბაზარში, გარეთ, კარში, სირცხვილია, უბრალოდ, სირცხვილია. კაცები ხართ თუ ვინ ხართ?! ქალს რაღას დასდევთ? კაი, მე დამდევთ, მაგრამ ქალს რაღას დასდევთ, იქნებ რისი ყიდვა უნდა ქალს?! არ გრცხვენიათ? ან შვილები არ გყავთ, ან დედები? რა ჯანდაბაა, ვეღარ ვხვდები უკვე, რა უნდათ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი