მერაბ მორჩაძის ადვოკატი - 100 ლარად ნაყიდი მოწმე თუ არსებობს, არ ვიცი, საუბარია 100 ლარზე, რომელიც მორჩაძემ არასრულწლოვნის ოჯახს დაუტოვა

100 ლარად ნაყიდი მოწმე თუ არსებობს, არ ვიცი. საუბარია 100 ლარზე, რომელიც მორჩაძემ ოჯახს დაუტოვა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატმა ზაალ თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას არ აქვს არავითარი ფარული ჩანაწერი, რომელიც ფულის გადაცემას ასახავს.

"აბსურდია ეს ყველაფერი. ერთი არასრულწლოვნის ჩვენებაა, რომელიც 7-ჯერ შეცვლილია. ხან ისე თქვა, ხან - ასე და ბოლოს და ბოლოს ვერ ჩამოყალიბდა, რა დაინახა და საბოლოოდ რას იტყვის კიდევ ღმერთმა უწყის. ამ ადამიანის ჩვენებას ეყრდნობა გამოძიება და აპატიმრებს ადამიანს, რომელსაც თავის ნათესავთან ჰქონდა კომუნიკაცია. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ერთმა შეიძლება ზეწოლად აღიქვას, ასე დავარქმევდი ამას. რჩევა ჰკითხა, ასეთ მდგომარეობაში ვარ მერაბი ბიძიაო, ამანაც თავისი აზრი უთხრა, რომ სიმართლე ეთქვა. ასე გამოიყვანეს რომ ეს არის მოწმეზე ზემოქმედება. რეალურად ეს არის მის მიერ გაწეული დახმარება ნათესავების მიმართ. ოჯახს უჭირს, 6 შვილი ჰყავთ, ლტოლვილები არიან, არსებობის საშუალება არ აქვთ და ეს მუდმივად ეხმარებოდა. 100 ლარად ნაყიდი მოწმე თუ არსებობს, არ ვიცი. საუბარია 100 ლარზე. მეტი არ მქონდა ჯიბეში თორემ მეტს დავუტოვებდი, რომ ვნახე ის საცოდაობა, რაც ოჯახში ტრიალებდაო. მაგიდაზე უთქმელად დავუტოვე და გამოვტრიალდიო", - განაცხადა ზაალ თავაძემ.

ადვოკატის თქმით, მერაბ მორჩაძემ მიხეილ კალანდიას ურჩია, რომ სიმართლე ეთქვა.

"კალანდიამ შესჩივლა რომ მძიმე ზემოქმედების ქვეშ იყო სამართალდამცავების მხრიდან. ისინი მას აიძულებდნენ სხვადასხვა ჩვენების მიცემას, უფრო სწორად აზეპირებინებდნენ. ეს შესჩივლა მან მორჩაძეს, როგორ მოვიქცე, მირჩიეო. შენ დაინახე ის ყველაფერი და სიმართლე უნდა თქვა, სხვა გზა არ არსებობსო. ამ თაობას ის არ იცნობდა, მაგრამ დედამისთან და მის დასთან დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა. ბატონმა მერაბმა დღესაც აღნიშნა პროცესზე, რომ ყველა საუბარს დედამისი, ან მისი და, ან ბებია ესწრებოდა. რა მოსყიდვაზეა საუბარი? ყველა ხვდება, რომ გამოძიებას ეს სჭირდებოდა, რომ რაღაცნაირად ტემპერატურა ჩაეხშო როგორც სუბელიანის დაკავებით, ასევე მორჩაძის. თითქოს ამით ყველა პრობლემა მოგვარდა. მიხეილ კალანდიას ჩვენება ბოლოს 6 ივნისს აქვს მიცემული. ის ამბობს, მორჩაძე მოვიდაო, რომელმაც უთხრა, რომ მისი მეგობრის შვილია გ.ჯ. და მას „ტენიან“ დანაშაულს, ამაზე დაფიქრდიო. ამ დროს საქმეზე უკვე განაჩენიც იყო დამდგარი", - განაცხადა მერაბ მორჩაძის ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა