მამუკა ბახტაძე - აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას.

„მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმები უნდა გააგრძელოს. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ხედვა გაუზიარეს და ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი