საერთაშორისო კონფერენცია - “საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა

ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - “საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა. დასკვნითი სიტყვით კონფერენციის მონაწილეების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი წარსდგა, რომელმაც კონფერენციის მიმდინარეობა და ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები შეაჯამა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემები იყო საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირთან - “აღმოსავლეთ პარტნიორობა”, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ევროპული დღის წესრიგი, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს სტრატეგიული როლი სატრანპორტო დერეფნების და ენერგეტიკის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება, საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაცია და სხვა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიდი პატივია ქალაქ ბათუმში პირველად უმასპინძლოს ამ ტრადიციულ კონფერენციას, რომელიც აერთიანებს გამოჩენილ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა წერტილიდან. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა სხვადასხვა კუთხით განგვეხილა მთელი რიგი სფეროები და საკითხები, მათ შორის ევროკავშირის ასპირანტი და არაასპირანტი, ასევე წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობით. დისკუსიები საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისთვის”, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის გაკეთებული მოხსენებისთვის, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის შემდეგ იქნა მიღებული.

სიტყვის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.

14-15 ივნისს, ბათუმმა რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა, რომელიც წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის და “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა