ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, პროექტი „სტუდენტური კონგრესი“ იმართება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, მეორე დღეა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად მსჯელობენ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის: თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე, ნარკოპოლიტიკაზე, სასამართლო რეფორმაზე და შრომითი უფლებებზე.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში მუშაობენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შედიან პარლამენტის წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქციის წარმომადგენლები შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც გაიმართება ღია დისკუსია და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები რეალურად აისახოს საკანონმდებლო ინიციატივებში.

„სტუდენტურ კონგრესში მონაწილეობას ორმოცი საუკეთესო სტუდენტი იღებს. მათ ოთხი კომიტეტი შექმნეს და კომიტეტების თავმჯდომარეები თავად არიან. სტუდენტები საკმაოდ კარგად უძღვებიან ამ საქმიანობას. მიხარია, რომ ისინი ძალიან პროგრესულად და კრეატიულად აზროვნებენ. ჩვენ მათ შევპირდით, რომ საბოლოო შედეგს რასაც დადებენ, მაქსიმალურად შევეცდებით ავსახოთ კანონმდებლობაში და დავრწმუნდი, რომ ამაში არანაირი რისკი არ არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ ისინი სწორად და რაციონალურად მსჯელობენ და ასე მიდიან შედეგამდე“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა