მიხეილ სარჯველაძე - სასამართლომ ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე ისეთ თანამდებობებზე აღადგინა, რა თანამდებობიდანაც ისინი არ გათავისუფლებულან - მათი რეაქცია საფუძველს მოკლებულია

თამაზ ახობაძისა და ანა სუბელინის რეაქცია არასწორი და საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, ორივე ამ ადამიანის შემთხვევაში სასამართლო დავა მიმდინარეობს და არც ერთი მათგანის შემთხვევაში აღსრულებას ქვემდებარე აქტი არ არსებობს - რის საფუძველზეც მათი აღდგენა უნდა მოხდეს.

“ორივე შემთხვევაში საკითხს სასამართლო იხილავს. გამომდინარე აქედან, მათი რეაქცია აბსოლუტურად მცდარია. ჩემი ინფორმაციით, იყო მცდელობები, რომ მხარეთა შორის დავა მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა ბატონ ახობაძის მხრიდან წამოყენებული იყო დამატებითი მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე, განაცდურ ხელფასთან ერთად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ იყო. ორივე ამ მოთხოვნის ერთდროულად წამოყენება სამართლებრივად იყო მცდარი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ სასამართლოს მიერ ამ ადამიანების აღდგენა ისეთ თანამდებობებზე მოხდა, რა თანამდებობიდანაც ისინი არ გათავისუფლებულან - კერძოდ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი აღდგენა ტოლფასს თანამდებობებზე მოხდა.

“ანა სუბელიანის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანამდებობა უბრალოდ არ არსებობს და ეს არ არსებობდა მანამ, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდოდა. რაც შეეხება ბატონი ახობაძის თანამდებობას, ეს თანამდებობა იმ დროისთვის სხვა პიროვნებას ჰქონდა დაკავებული, რომელმაც საკუთარი უფლებების დაცვა ითხოვა და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ ერთი ადამიანის უფლებები მოითხოვს დაცვას, ხოლო მეორის უფლებები - არა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, რომელსაც მოქალაქე ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე ესწრებოდნენ, ხმაური იყო. ხმაური იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე “ფულზე ვაჭრობდნენ“. სუბელიანმა წულუკიანს ხმამაღალი შეძახილებით მიმართა, რის შემდეგაც მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა