პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ბავშვის კოდექსი“ მოამზადა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში “ბავშვის კოდექსი“ მომზადდა. “ბავშვის კოდექსის” პროექტის განხილვა ხვალ სამუშაო ჯგუფში გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, “ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

დეპუტატის განმარტებით, შემუშავებული დოკუმენტი აღიარებს ოჯახის განსაკუთრებულ როლს ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოს უზრუნველყოფაში. მისივე თქმით, აღიარებულია, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, იმისათვის, რომ მომზადდეს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

“ძლიერდება ოჯახი და იქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის. იქმნება ბავშვის მხარდაჭერის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს, მათ შორის გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. იქმნება სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის მოხალისეობის პროგრამების წახალისების. იქმნება სისტემა ბავშვის ძალადობისგან დაცვის, ასევე, შშმ ბავშვთა მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში, რომელიც მოიაზრებს ბავშვის დაცვას მავნე ზეგავლენისგან ალკოჰოლის და ნარკოტიკის, კლუბების და გასართობი დაწესებულებების, თამბაქოსა და სხვ. ასევე, ბავშვის დაცვა მედია სივრცესა და ინტერნეტში, მათ შორის, მავნე ზეგავლენის მქონე განსაკუთრებულად უხამსი და ძალადობრივი ინფორმაციის შემცველი ფილმების, საჯარო კინოჩვენებების, ბეჭდური მედიის და ა.შ. შემთხვევებში. იქმნება სტანდარტები ბავშვის მომვლელისათვის. იქმნება სამართლებრივი საფუძველი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ხდება ბავშვთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დეცენტრალიზაცია, უფლება-მოვალეობების დიდი ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემა. იქმნება კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს იმ დაწესებულებების უწყვეტ მონიტორინგს, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა დაცვის სხვადასხვა პროგრამებს. ძლიერდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, რომ დაადგინოს ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები და შეიმუშაოს ოქმი, რომელიც შესაბამისი დაწესებულებების მიმართ მოამზადებს ოქმს, რომლის საფუძველზეც სასამართლო დააკისრებს კონკრეტულ უწყებას შესაბამის სახდელს ან საქმე გადასცეს შესაბამის (მათ შორის, სამართალდამცავ) სტრუქტურებს რეაგირებისთვის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფიო კილაძემ “ბავშვის კოდექსის“ პროექტზე საუბრისას.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს