სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სასტუმროების მართვის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 21 და 22 ივნისს ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი (www.c4ibs.com) სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, თემაზე : „სასტუმროების მართვა“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საინვესტიციო გარემოს შესახებ სასტუმროს ბიზნესის განვითარებისთვის.

ორდღიან ღონისძიებაზე პრეზენტაციებს ჩაატარებენ მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად.

ერთ-ერთი სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის სფეროში.

ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის, დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობას მიიღებს 60 - მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი.

„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.