ეკა ბესელია - „ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება

„ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს გუშინ პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, რომელი სამინისტროები გაერთიანდება, გუნდში ჯერ გადაწყვეტილება მიღწეული არ არის. "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერ-მინისტრთან, ბიუროს უმრავლესობის ფორმატში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით გუნდის შიგნით, რომელიც ეხება სწორედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს და კონცეპტუალურ საკითხებს, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში ისაუბრა სასესიო ფორმატში; ეს ეხება დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებს და პირველ რიგში, ვისაუბრეთ სწორედ საკანონმდებლო დონეზე რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და რატომ. დღეს ეს დისკუსია არ დასრულებულა და უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე.

რადგან დასრულებული არ არის კონსულტაციები და გაგრძელდება ამავე ფორმატში, პრემიერ მინისტრთან ერთად, საბოლოოდ დღეს ნუ დავსვამთ წერტილს და როცა კონსულტაციები დასრულდება, ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხებზე, რომელიც ჯერ ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა. კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება. შესაძლოა შემდეგაც იყოს დამატებითი დრო საჭირო",- აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველი ეტაპი იქნება მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მოკლე დროში უნდა მომზადდეს. "მთავრობასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ჩართული. ამის შემდეგ, როდესაც პარლამენტი მოკლე დროში იმსჯელებს, მოხდება სტრუქტურული ცვლილებები", - განაცხადა ბესელიამ.

კონსულტაციების დასრულებამდე ეკა ბესელია კონკრეტულ სამინისტროებს, რომელთა შერწყმაც იგეგმება, არ ასახელებს. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის კონკრეტულ წევრებზე გუშინ მსჯელობა არ გამართულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა