გიორგი მარგველაშვილი - მადლობა ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის

ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველო - ესტონეთის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო მიღებას საქართველოს პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გაჭირვებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს საუკეთესო ემოციებს ვუზიარებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის. ასევე მადლობა თქვენ, რასაც ევროპის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ.

მე უზომოდ მოხარული ვარ დღეს ამ ქალაქში ყოფნით და შესაძლებლობოთ, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს იმისთვის, რასაც ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებენ ასი წლის წინ და რასაც აკეთებდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის იმ გამორჩეული თანადგომისათვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ესტონეთის მხრიდან.

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი როლი ამ პროცესში, საქართველოს ისტორიული მდებარეობისკენ და იდენტობისკენ მიმავალ გზაზე შეუძლებელია, რომ სათანადოდ არ დაფასდეს. დღეს ძალიან გულწრფელად გითხარით, თქვენ ამტკიცებთ, რომ არ არსებობენ დიდი და პატარა ქვეყნები, არამედ არსებობენ დიდი და პატარა პოლიტიკოსები. როდესაც პოლიტიკოსებს გააჩნიათ ხედვა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად ძლიერია ქვეყნის სამხედრო ძალა, სწორედ ეს ხედვები აყალიბებს და ცვლის კაცობრიობის მომავალს.

ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით - თავისუფლების სიყვარული. ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი და სიცოცხლე სრულად მივუძღვნათ ამ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, შეუძლებელია, რომ პატივს არ სცემდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რადგან ეს ღირებულება უნივერსალურია და აერთიანებს ადამიანების გულებს და ემოციებს.

საქართველო და ესტონეთი ერთად ემსახურებიან ამ მიზანს. მინდა მოგილოცოთ და თითოეულ თქვენგანთან ერთად ვიზეიმო საქართველოს და ესტონეთის ასი წლის იუბილე. ეს იყო დრო, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და დღეს ვემსახურებით მის შენარჩუნებას და მისთვის ბრძოლას“, - აღნიშნა გიორგი მრგველაშვილმა.

აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობისთვის.

მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოფენა დაეთვალიერებინათ, ასევე გაიმართა ბოლო ასი წლის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ამასთან, ტალინში რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა