ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს - ვერ ნახავთ ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ

ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს, კომენტარს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ დღეს, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, გაცილებით მძიმე იყო შეფასებები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ თემას არასწორი მიზნებისთვის იყენებდნენ.

„ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს, კომენტარს, სადაც მე მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვთქვამდი პოზიციას. თუ ასეთი არსებობს, შეგიძლიათ მაჩვენოთ. გაცილებით მძიმე შეფასებები მოვისმინეთ მეც და საზოგადოებამაც ამ საქმესთან დაკავშირებით. ის, რაც ითქვა იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ამ თემის არასწორი მიზნებისთვის გამოყენების კუთხით, ამაზე განცხადებები გააკეთა თავად გვარამიამ და არა მხოლოდ მან. თქვენთან შეხვედრის სურვილი ჩვენმა გუნდმა მაშინვე გამოთქვა. იყო სოფიო კილაძის, ჩემი შეთავაზებაც და როდესაც ამის სურვილი გექნებოდათ, არასდროს ჩვენი მხრიდან კარი დახურული არ ყოფილა“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი გარემოება და დეტალი ითქვა, რომლებიც შემდეგი დაკითხვებისას, იმ პირებთან, ვინც ამ გამოძიებას აწარმოებდა, უნდა გადამოწმდეს.

„ეს კითხვები იქ უნდა დავსვათ, რათა ყველა პრეტენზია ან წუხილი, რომელიც თქვენ ან თქვენი დაცვის მხარეს აქვს, უპასუხოდ არ დარჩეს. მეც და ჩემ კოლეგებსაც გვაქვს იმის მზაობა, რომ მართლაც გაირკვეს ამ საქმეში რა მოხდა - ვინ ვის აფარებს ხელს, რატომ აფარებს, საერთოდ აფარებს თუ არა“, - მიმართა სარალიძეს ბესელიამ.