დავით უსუფაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ამ ეტაპზე რაც შეეძლო, გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს სხვას

ძალიან არასწორი იყო, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა მოდგილეებმა პრაქტიკულად მიატოვეს სამსახურები და ოთხი დღით ქვეყანა უმთავრობოდ იყო, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა და აღნიშნული ფაქტი კრიზისის გამოვლინებად შეაფასა.

„ჩემი აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია არასწორმა მართვამ. ქვეყანას ზოგადად ბევრი პრობლემა აქვს, მთავრობა გვინდა პრობლემების გადასაჭრელად და გამოვიდა ისე, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა უუნარო, რომ გადაეჭრა პრობლემები და პირიქით, პრობლემები შეაგროვა ერთ ადგილზე, დაახვავა და მივიღეთ უკვე კრიზისი. კრიზისი გამოიხატა საზოგადოების ძალიან სახიფათო ნიშნულამდე მისულ უნდობლობაში საჯარო ინსტიტუტებისადმი, ეს ხიფათი შესაძლოა გაგვექცეს კონტროლიდან. ეს სასწრაფოდ შესაჩერებელია და ამიტომ, მე მინდა ამ უცნაურად შექმნილ დროებით, მუდმივ თუ მუდმივ-დროებით მთავრობას მაინც წარმატებები ვუსურვო იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება პატრონი. ისიც ძალიან არასწორი იყო, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა მოდგილეებმა პრაქტიკულად მიატოვეს სამსახურები და ოთხი დღით ქვეყანა უმთავრობოდ იყო. კონსტიტუცია ასეთ ვითარებაში ამბობს, რომ მიმავალი პრემიერი და მთავრობა აგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, ვიდრე ახალი არ იქნება. ესეც ერთ-ერთი გამოვლინება იყო კრიზისის, თუ რა დონეზეა ასული პერსონალურ-ემოციური დაძაბულობები და რაღაც შეუთავსებლობები. როგორ ვერ ახერხებენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პოლიტიკური ლიდერები რომ ქვეყნის, სახელმწიფოს სამსახურში იყვნენ. ჩვენ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებები უნდა გავითვალისწინოთ და ეს გამოცდილებები გვკარნახობს იმას, რომ ვერც ერთი მონიპოლისტი პარტია დიდხანს ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ის ნელ- ნელა დუნდება, აღარაა შემძლე აკეთოს თავის საქმე. დღეს ეს ვითარება გვაქვს. ამიტომ მთავარ სახელმწიფოებრივ ამოცანად ისახება, 2020 წლამდე ქვეყნის მიყვანა მშვიდობით, დიდი დანაკარგების გარეშე, დიდი მღელვარებების გარეშე . „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ამ ეტაპზე რაც შეეძლო გააკეთა და ახლა ხელისუფლება უნდა გადაბარდეს ვინმე სხვას ან შესაძლოა მათივე მინაწილეობით კოალიციურ მთავრობას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. ამისთვისაა მობილიზება საჭირო“, -განაცხადა უსუფაშვილმა.

ის ასევე ეკონომიკის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ იცის საიდან უნდა მოხდეს 100 მილიონის ეკონომია.

„სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის თაობაზე გუშინ გავიგეთ, რომ თურმე შტატების შემცირება არ იქნება. არადა ამდენი ხანი ამაზე იყო საუბარი, რომ სახელმწიფო აპარატი გაბერილია, ხარჯები დიდია. მე არ ვიცი საიდან უნდა მოვიდეს 100 მილიონი ეკონომია. ერთი საშუალო სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი დაახლოებით 5-6 მილიონი ლარია. ასე რომ, სამ სამინისტროს თუ შევამცირებთ, მთლიანად, რომ სახლში გავუშვათ ყველა და ყველაფერი 15 მილიონზე მეტი მაინც ვერ იზოგება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა