რამაზ საყვარელიძე - მიჭირს ციფრებში ვთქვა, რამდენად გაიზრდება მთავრობის მუშაობის ეფექტურობა, მაგრამ ზოგადად, იქ, სადაც გაერთიანება ხდება, ინტეგრაცია იზრდება

მიჭირს ციფრებში ვთქვა, რამდენად გაიზრდება მთავრობის მუშაობის ეფექტურობა სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, მაგრამ ზოგადად იქ, სადაც გაერთიანება მოხდება, ბუნებრივია, ინტეგრაცია გაიზრდება და ეს პოზიტივია ყველა შემთხვევაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა.

მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელების ეტაპზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები მხოლოდ პირველი ეტაპია. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ამ კონცეფციის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისთვის საჭიროა შტატების შემცირებაც.

„მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელების პირველი ნაბიჯია. ამ კონცეფციის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისთვის საჭიროა შტატების შემცირება, რასაც დღეს მთავრობა ერიდება. შტატების შემცირება თუ მოხდება, პარალელურად უნდა გაჩნდეს ამ ადგილებიდან გათავისუფლებული ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები. სამინისტროებში ძირითადი ხარჯი ადამიანური შრომის ანაზღაურებაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ პირველი ეტაპია.

აგრეთვე ვფიქრობ, შესამუშავებელი იქნება ის, რომ შემოიღონ კანონები, რომლებითაც რაღაც ფუნქციებს აიღებს კერძო სექტორი. მაგალითად, შემოვიდეს კანონი ქველმოქმედების შესახებ, რაც კერძო სექტორს იმისკენ უბიძგებს, რომ კულტურის და მეცნიერების სფეროს დახმარება გაუწიოს,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა