სოფიო კილაძე - ინიციატივა, რომლის თაობაზეც სერგი კაპანაძემ ისაუბრა, პოლიტიკური სარგებლის მიღებაზეა გათვლილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის სოფიო კილაძის შეფასებით, ძალიან ნაადრევია კომისიის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სერგი კაპანაძის ინიციატივა პოლიტიკური სარგებლის მიღებაზეა გათვლილი.

“ჩვენ მხოლოდ ორი მხარე გამოვკითხეთ. ეს დასკვნის გასაკეთებლად საკმარისი არ არის. საქმეში უამრავი მოწმეა. გამოკითხული არ გვყავს არასრულწლოვნები. წარმოუდგენელია არ დაველოდოთ პროცესის დასრულებას და არ მგონია, ეს ემსახურებოდეს კომისიის მიზანს - საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მიხეილ კალანდიას ეპიზოდზე მსჯელობისას ორი პოზიცია დაფიქსირდა: ოპოზიცია ფიქრობს, რომ კალანდიას განზრახვა შესაძლოა იყო ის, რომ დავით სარალიძე დაეკავებინა და დანარჩენი გ.ჯ-ს გაეგრძელებინა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ კალანდიას ასეთი განზრახვა არ ჰქონდა და მას განზრახული ჰქონდა, რომ ეს ორი ბავშვი ერთმანეთისგან გაეშველებინა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია თავად კალანდიას პასუხი. ვიდრე ჩვენ ის არ გამოგვიკითხავს, პასუხის გაცემა ძალიან გაჭირდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

როგორც სერგი კაპანაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებების, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. კაპანაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ განცხადებას კომისიის სახელით არ აკეთებს და ეს პოზიცია, როგორც ერთ-ერთი რიგითი წევრის პოზიციაა.

“ვაპირებ, კომისიის სხდომაზე დავაყენო საკითხი, რომ კომისიამ იმსჯელოს და შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. განვითარებული დისკუსიიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საკმარისი რაოდებობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს გარემოებები გამოძიების დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი მათ არ გადაუდგამთ“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ცალკე უნდა გამოყოფილიყო საქმე, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, თუმცა როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, სამართალდამცველებს არც ეს ნაბიჯი გადაუდგამთ.

“მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, არის ის, რომ ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს დაჭრეს ერთი მოზარდი გ.მ. რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე პირველი დღეებიდანვე ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის. მიუხედავად ამისა, არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა მომხდარა, როცა ამას კანონი ავალდებულებდა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე არ მომხდარა ამ საქმის ირგვლივ კონკრეტული გამოძიების ჩატარება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა