ასტანაში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გამართულ მინისტერიალზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტყეების ლანდშაფტების აღდგენის საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. გამართულ შეხვედრებს საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ლანდშაფტების აღდგენის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს აღებული. მინისტერიალის მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ტყის ლანდშაფტების აღდგენა და მასთან დაკავშირებული ეროვნული და რეგიონული გამოცდილება, ტყის აღდგენის დაფინანსება. შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხილვა წარმოადგენდა და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

სოლომონ პავლიაშვილმა, გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება 2030 წლისთვის 1500 ჰა-ზე მოახდინოს ტყის გაშენებას და დამატებით 7 500 ჰა ტყის ფართობზე ხელს შეუწყობს ბუნებრივ განახლებას, ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის მიზნით.

მონაწილე მხარეთა მიერ მოწონებულ იქნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2030 წლისათვის ქვეყნებში დეგრადირებული მიწების გამოვლენას, მათ აღდგენასა და გატყიანებაზე მუშაობას, ასევე, ტყის ლანდშაფტების აღდგენისათვის ეროვნული პოტენციალის შეფასებას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), გლობალური ბუნებისდაცვითი გადაწყვეტილებების ჯგუფის დირექტორს სტიუარტ მაგინნისს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა