ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების უფროსი რანგის წარმომადგენლებმა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე შედიოდნენ. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირი, რომელსაც ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარმოადგენდა.

შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს მოიცავდა. სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ. ევროკავშირი საქართველოს პროგრესს მიესალმა და აღნიშნა, რომ ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ხაზი გაესვა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ მიღებული ზომები შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ქვეყანაში რეფორმების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარგი მმართველობა და უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება, რეგიონული განვითარება, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, პროფესიული განათლება და ახალგაზრდების მობილობა. დარგობრივი თანამშრომლობის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში და ხაზი გაესვა ევროკავშირის პროგრამების რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას. მხარეები მიესალმნენ ერასმუს+-ის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდებისთვის გახსნილ დამატებით შესაძლებლობას ე.წ. „სპეციალური ფონდის“ ფარგლებში, ასევე, ჰორიზონტი 2020-ისა და შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ თბილისში 4 სექტემბერს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნას. ევროკავშირის მხარემ დაადასტურა, რომ სკოლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებიაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დაგეგმილია ბრიუსელში, მიმდინარე წლის ნოემბერში, საფუძველს ჩაუყრის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დარგში და საქართველოს მეტ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების შემდგომ გაუარესებასთან დაკავშირებით. სხდომაზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის ტენდენცია. ხაზი გაესვა დამნაშავეების კანონის შესაბამისად დასჯის აუცილებლობას. ქართულმა მხარემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ და სთხოვა განეხილა შესაბამისი ზომების მიღება სიაში მითითებულ პირთა მიმართ. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ამ კონტექსტში მიესალმა მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას აღნიშნული ინიციატივების რეალიზაციის მიზნით.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის სარგებლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობისა და ამავდროულად, დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები, მათ შორის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ განხორციელების მიმდინარეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა