გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს იგორ დოდონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან, ვიცე-პრემიერ კრისტინ ლესნიკთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მდივან მიხაილ კეპეცინესთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები და დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები მიმოიხილეს.

გიგი წერეთელმა ბოლო პერიოდში სამშვიდობო პროცესებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და კიშინოვს და ტირასპოლს პროგრესის იმპულსის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რაც, მისი თქმით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შექმნის.

„მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დგას, რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების მოგვარების კუთხით პოზიტიური დინამიკა ჯერ კიდევ არ შეინიშნება, კიშინოვი და ტირასპოლი მათ დადებით მაგალითს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, კიშინოვი და ტირასპოლი დიალოგის გზით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას და პროცესების ნორმალიზებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

იგორ დოდონთან გამართულ შეხვედრაზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ფაქტს შეეხო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებები პოზიტიურად შეაფასა. მისივე განცხადებით, რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის ხელშეწყობასაც ეუთო-ს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.

მოლდოვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი დნესტრისპირეთის ლიდერ ვადიმ კრასნოსელსკის, უმაღლესი საბჭოს სპიკერ ალექსანდრე შერბოის, გაგაუზიის ავტონომიურ-ტერიტორიული ოლქის ხელმძღვანელ ირინა ვლახს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებსა და მოლდოვაში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მაიკლ სკენლანს შეხვდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც გამართა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს