ქართული პრესის მიმოხილვა 28.06.2018

ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ საქართველოს დიდი ისტორიული მხარდამჭერი რეზოლუცია ვაშინგტონში

ცხინვალის რეჟიმი თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის სოფლებზე პრეტენზიას აცხადებს

ხორავას ქუჩის საქმეზე შესაძლოა, ახალი დაკავებები დაიწყოს

* * *

ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ საქართველოს დიდი ისტორიული მხარდამჭერი რეზოლუცია ვაშინგტონში

"აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი შევიდა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის ქმედებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აშშ-ში შესვლა აეკრძალება და ფინანსური აქტივები დაუყადაღდება ყველას, ვისაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველების მიმართ დანაშაული აქვს ჩადენილი. თბილისში ამერიკის კონგრესმენთა ამ მხარდაჭერას დიდი ისტორიული მოვლენა უწოდეს და გაკეთდა განცხადებები, რომ ეს აქტი საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ფაქტი მორიგი ქიშპის საბაბიც გახდა "ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ საქართველოს დიდი ისტორიული მხარდამჭერი რეზოლუცია ვაშინგტონში / "ეს არის აშშ-ის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ქართველები მარტო არ არიან ამ ბრძოლაში".

"კონგრესში მხარდამჭერი აქტის წარდგენას მმართველი გუნდი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ კონგრესმენ ტედ პოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი მარტის დასაწყისში გიორგი მარგველაშვილის წარმატებულ ვიზიტს უკავშირდება. საპასუხოდ "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ერთი ვიზიტით არ წყდება. ოპოზიციის შეფასებით, ღიმილის მომგვრელია, თუ კონგრესში შესული აქტის გამო ერთმანეთს რომელიმე სახელმწიფო შტო დაუპირისპირდება და მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ინიცირებით შევიდა დოკუმენტი კონგრესში. ახლა მთავარია, ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ აქტიურად იმუშაოს ხელისუფლებამ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრისას, როცა უკრაინის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის დანაშაულების ჩამოთვლა მოხდება, საქართველოს მიმდინარე ოკუპაციის საკითხიც წამოიჭრას", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ეს რეზოლუცია არის საქართველოს ძალიან დიდი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ოკუპაციას არ აქვს ისეთი დიდი რეზონანსი, როგორიც უკრაინის კონფლიქტს და ამიტომაც ამ ფონზე საქართველოს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტირიებზე ქართველების უფლებების უხეში დარღვევების საკითხის გამოცოცხლება საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯია - "ეს რეზოლუცია პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რაღაც გაურკვევლობაში ვართ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აშშ-დან ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ისინი მარტო არ არიან ამ ბრძოლაში", - მიიჩნევს კაკაჩია. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ტრამპი-პუტინის შეხვედრის წინ შევიდა კონგრესში, თუმცა შეძლებს თუ არა ქართული დიპლომატია ისე გააქტიურებას, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრისას საქართველოს საკითხზე მოხდეს საუბარი, ეს რთული სათქმელია", - განაგრძობს გამოცემა.

"თუ მოხერხდება და საქართველოს საკითხიც დადგება, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თანაბრად დადგეს უკრაინისა და საქართველოს საკითხი და ეს ხელს შეუწყობს, საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამოცოცხლდეს იმავე ევროპელი პარტნიორებისთვისაც", - დასძენს კაკაჩია. საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის ავტორი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფია, რომელიც კონგრესს 26 ივნისს წარედგინა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას", - დასძენს გამოცემა.

"კონგრესი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს ყველა იმ პირს, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ლაპარაკია აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და ფინანასური აქტივების დაყადაღებაზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული პირების თაობაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინოს კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში. შემდეგ ეტაპზე, საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, შემდეგ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. აშშ-ის სენატის მიერ აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში პროექტი კანონად იქცევა", - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის კონგრესში წარდგენა დაემთხვა ვაშინგტონში პარლამენტის თავმდომარის ვიზიტს და ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონიდან გააკეთა განცხადება, რომ ეს არის დიდი ისტორიული მოვლენა და საქართველოს აშშ-დან ასეთი დიდი მხარდაჭერა არასდროს მიუღია. უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა რეზოლუციას პრეზიდენტმაც და მისმა ადმინისტრაციამაც, ხოლო ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიღების ინიციატივა გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, ვინც ის მარტში, აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა. აბაშიშვილის ამ განცხადებას პასუხი "ოცნებიდანაც" მოჰყვა. გია ვოლსკის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის კონგრესის მორიგი მხარდაჭერა და ეს არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა. მისივე თქმით, ასეთი საკითხები ერთი ვიზიტით არ წყდება - "შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული წვლილი მისმა დამოკიდებულებამ შეიტანა, მაგრამ ეს საკითხი ვიზიტებით რომ არ წყდება, აბაშიშვილმა იცის. ეს არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა. თუ ამაში გარკვეული წვლილის შეტანა დამოკიდებულია ასევე პრეზიდენტის ვიზიტზე, ეს მხოლოდ მისასალმებელია", - განაცხადა ვოლსკიმ, რომლის თქმით "ამაზე სარკასტულ კომენტარს ვერ გააკეთებს", - დასძენს სტატიის ავტორი.

ცხინვალის რეჟიმი თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის სოფლებზე პრეტენზიას აცხადებს

"დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ოს ხალხს ეკუთვნის "აღმოსავლეთი ოსეთი" - თრუსოს ხეობა, კობის ქვაბული და ასევე - დუშეთის სოფლების ნაწილი და ეს ტერიტორიები ბოლშევიკებმა ოსი ხალხის სურვილის გარეშე გადასცეს ახლად შექმნილ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას, რაც "უკანონო ანექსია" იყო და ამას არასდროს შეეგუებიან. კონფლიქტოლოგების თქმით, ოსები ბოლო დღეებში რაღაც საეჭვოდ გააქტიურდნენ "ტერიტორიების დაბრუნების" მიზეზით და ეს ყველაფერი ნატოს მოახლოებულ სამიტს უკავშირდება და იმ მოლოდინს, რომ შესაძლოა სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ცხინვალის რეჟიმი თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის სოფლებზე პრეტენზიას აცხადებს.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ "აღმოსავლეთ ოსეთი" არასდროს არ არსებობდა, ეს ტერმინი რუსეთის სპეცსამსახურებში შეიქმნა ბოლო წლებში და ის პირველად ედუარდ კოკოითმა გამოიყენა რამდენიმე წლის წინ. "რატომ მოინდომეს ოსებმა ამ თემის წამოწევა? ჩრდილოეთ ოსეთში არსებობს ორგანიზაცია "დარიალი", რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები მაშინ ააქტიურებენ, როცა სჭირდებათ და ეს ორგანიზაცია პედალირებდა მუდმივად თრუსოს ხეობის საკითხით. ახლა, მართალია, "დარიალი" მიჩუმათებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები არიან შეწუხებული, რადგან საქართველოს ხელისუფლება თრუსოს ხეობაში გარკვეულ ინფრასტრუქტუტულ მშენებლობას ახორციელებს და ეს იქითა მხარეს მყოფებს ძალიან აღიზიანებთ. ამიტომაც გააქტიურეს ამ ხეობის თემა. ასევე მოახლოებულია ნატოს სამიტი და ყოველთვის ასეა: როდესაც ჩვენი აქტიურობაა დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, მაშინ ხდება აფხაზებისა თუ ოსების გამოჩენა", - აცხადებს არეშიძე, რომლის თქმით, "ეს ჰგავს ძაღლების ყეფას იმისათვის, რომ სახლთან მოახლოებული უცხო შეაშინონ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს პოლიტიკური წნეხი საქართველოზე შეიძლება მუქარადაც ჩავთვალოთ. ზოგადად, საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ განცხადებებს რეალურად მოჰყვეს ახალი ე.წ. ბორდერიზაცია და ე.წ. საზღვრების გადმოწევა", - მიიჩნევს არეშიძე. ცნობისთვის, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, "ბოლშევიკების გადაწყვეტილება საქართველოსთვოსთვის ოსეთის აღმოსავლეთი ნაწილი გადაეცათ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს" და "ოსები არასოდეს აღიარებენ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ბოლშევიკების მიერ 1921 წელს მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას". დე ფაქტო ხელისუფლება "აღმოსავლეთ ოსეთად მიიჩნევს თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულს. მათი თქმით, "ასევე უკანონოდ აღმოჩნდა დუშეთის რაიონში ოსებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები". საგულისხმოა, ჟენევის დისკუსიის 44-ე რაუნდის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქართული მხარისგან მოითხოვა ოსი სპეციალისტების დაშვება "აღმოსავლეთ ოსეთში მდებარე ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების" მდგომარეობის შესასწავლად". ისტორიკოსი მალხაზ ვახტანგაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ოსეთი არ არსებობს და არანაირი ოსური კვალი არ არსებობს არათუ დუშეთისა და არაგვის ხეობაში, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიაც კი", - განაგრძობს გამოცემა.

"საგულისხმოა ისიც, რომ 20 ივნისს ცხინვალში ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისია შეიქმნა და ამ კომისიის მეშვეობით ცხინვალის რეჟიმის უკვე გავლებული მავთულხლართებისა და ბანერების ისევ გადმოწევას აპირებს... მამუკა არეშიძის თქმით, თუკი მიზეზად ასახელებენ იმას, რომ თრუსოსა და კობის ხეობებში ადრე ოსები ცხოვრობდნენ, ამ პრინციპით შეიძლება თქვან, ლაგოდეხის ტერიტორიებიც ჩვენიაო, იმიტომ რომ იქ არა მარტო ოსი მოსახლეობა ცხოვრობდა, არამედ ოსური სკოლების ფუნქციონირებდა. "ასევე, ამ პრინციპით, ბორჯომის ხეობაზეც შეუძლიათ პრეტენზიის გამოცხადებს, თუმცა ეს აბსოლუტურ კრეტინიზმს ჰგავს და ამიტომაც დაივიწყეს ტერმინი - თრიალეთის ოსეთიც. თრუსოს ხეობაზე მათი პრეტენზია იმითაა განპირობებული, რომ დღეს თრუსოს ხეობა მოსახლეობისგან საერთოდ დაცლილია, იქ მხოლოდ ერთი-ორი ქართველის მოსახლეა დარჩენილი. ანუ ეს ტერიტორია მათთან ახლოსაა და რაც მთავარია, მოსახლეობისგან დაცლილი - ესაა მთავარი განმაპირობებელი", - განმარტავს  მამუკა არეშიძე და დასძენს,  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფილ ტერიტორიებსა და თრუსოს ხეობას, ქედი ჰყოფს ერთმანეთისგან", - წერს სტატიის ავტორი.

ხორავას ქუჩის საქმეზე შესაძლოა, ახალი დაკავებები დაიწყოს

"ხორავას ქუჩის საქმეზე შესაძლოა, ახალი დაკავებების სერია დაიწყოს. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქმის გამოძიებიდან უკვე ჩანს, რომ დაკავებები გაგრძელდება, თუმცა ვინ იქნებიან ეს ადამიანები და მოხდება თუ არა დავით სარალიძის მკვლელების დაკავება, უცნობია. გახარიას თქმით, ის კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია საქმეზე მუშაობას დაასრულებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვინ არის მთავარი გამყალბებელი, ვის გამოც პროკურატურა მკვლელებზე ვერ გავიდა" / ხორავას ქუჩის საქმეზე შესაძლოა, ახალი დაკავებები დაიწყოს.

"ამ ეტაპზე ჯერ არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე, ახლა ეს თემა დავხუროთ  - გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, გამოყოფილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შს მინსიტრის განცხადებას, რომ შესაძლოა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებები გაგრძელდეს, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე "რეზონანსის" მეშვეობით ეხმაურება. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია ამ ეტაპზე მინისტრი ვის დაკავებაზე შეიძლება საუბრობდეს. მისი განცხადებით, პირველ რიგში მათი მთავარი მიზანი მკვლელების დაკავებაა, რომელთა ვინაობა საქმის მასალებიდანაც უკვე აშკარაა. ადვოკატის თქმით, ახალი გამოძიების დეტალების შესახებ მათ, სამწუხაროდ, არაფერი იციან - თუ უწყებაში მივლენ და მოიკითხავენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას. უწყებასთან მათ კომუნიკაცია გამოძიების დაწყების პირველ დღეებში ჰქონდათ და მას შემდეგ რა ეტაპზეა გამოძიება, მათთვის უცნობია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი საქმის გამოძიება ძირითადად იმით არის დაინტერესებული, ვინ ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და ვინ იყო ის მთავარი გამყალბებელი, ვის გამოც პროკურატურა მკვლელების კვალზე ვერ გავიდა. ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი მაინც მკვლელების ვინაობის დადგენაა. რა თქმა უნდა, ისიც საინტერესოა, ვინ და რატომ გააყალბა საქმის მასალები, მაგრამ ამ საქმეში მთავარი პრობლემა მკვლელების არარსებობაა. მინისტრი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ უნდა ელოდებოდეს. მისთვის მაინცდამაინც გადამწყვეტი კომისიის დასკვნა არ უნდა გახდეს. საქმეში იმდენი უზუსტობაა, რომ აქამდე კიდევ ბევრი ადამიანი უნდა იყოს დაკავებული", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნესტან ლონდარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა