დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მოსახლეობა აქციას მართავს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ქერის მოსავლის ასაღებად არასაკმარისი რაოდენობის კომბაინებია, შპს ,,მექანიზატორი" კი უპირატესობას მსხვილ ფერმერებს ანიჭებს და ტექნიკას პირველ რიგში მათ აძლევს.

"ამდენი ვიწვალეთ და რა დღეში ვართ, მოყვანილ მოსავალს ვერ ვიღებთ. მხოლოდ ჩვენ კი არა სხვა სოფლებიც. ორი კომბაინი არ არის საკმარისი და ისიც უმოქმედოდ დგას, ჩვენ მოსავალი გაგვინახევრდა. როგორც ვხვდებით უპირატესობას იმათ ანიჭებენ ვისაც დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ რა ვქნათ გლეხებმა? იძულებულები ვართ, ამ ორი კომბაინის სხვაგან გაგზავნის საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა ფერმერმა ზურაბ გოდერძიშვილმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

სოფელ გამარჯვების მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე. მისი თქმით, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 115 ერთეული კომბაინი და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭებას ადგილი არ აქვს.

„უპირატესობას არ ვანიჭებთ არავის. მთელი ავტოპარკი, რაც შპს „მექანიზატორს“ აქვს - 115 ერთეული კომბაინი სრულად არის მობილიზებული. აქედან 90% აღმოსავლეთ საქართველოში მუშაობს. პრობლემა გამოიწვია იმან, რომ ქვეყანაში მაღალი ნალექი იყო და წვიმების გამო მოსავალი კახეთის ტერიტორიაზე ყველგან ერთად მოვიდა. ამან გამოიწვია კომბაინების დეფიციტი. თუმცა, ტექნიკა განაწილებუულია მაქსიმალურად ოპტიმალური ფორმით და ვცდილობთ, ყველა ადგილობრივი დაკმაყოფილდეს. ის, რომ ვინმეს ვანიჭებთ უპირატესობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ტექნიკის დაფინანსება დაიწყო და გარდა „მექანიზატორისა“, კერძო სექტორმაც შეიძინა დაახლოებით 10-15 ერთეული კომბაინი. ისინიც არიან ჩართული მოსავლის აღების პროცესში“ - განაცხადა შპს „მექანიზატორის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა შეყელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა