მოზარდების მკვლელობის დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულის ადვოკატი - მოწმემ დაადასტურა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალეულობა არ მიუძღვის

მოწმემ დაადასტურა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვის აღნიშნულ საქმეში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის დაფარვისთვის ერთ- ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ავტომობილით გადაადგილებისას მკვლელობაში მონაწილე პირებს დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული პირისთვის არ უთქვამთ მომხდარის შესახებ.

"დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მოწმემ ჩვენთვის სასარგებლო ჩვენება მისცა. მან დაადასტურა ის ფაქტები, რომ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანით გადაადგილდებოდნენ ამ პერიოდის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ.

მოწმემ დაადასტურა რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვის აღნიშნულ საქმეში", - განაცხადა ადვოკატმა.

დღევანდელ პროცესზე ასევე ის პირიც დაიკითხა ვის სახლშიც გადამალეს დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მიხეილ კალანდია და კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამჟამად დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაშია მსჯავრდებული.

თუმცა ადვოკატის თქმით, მან გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს