სააპელაციო სასამართლომ პატიმართა დამცირების, არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დ.ხ. და ლ.ბ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ამავე დაწესებულების თანამშრომლების პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

„ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე, წარდგენილ იქნა ორ ათეულ ტომად შეკრებილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა