მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებს

4 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მიიღებენ.

ცვლილებების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, რომლის განხილვა მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაჩქარებული წესით გადაწყდა. ხვალ კი განხილვები კომიტეტებში დაიწყება.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

საკანონმდებლო პაკეტით წარდგენილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ასეთია:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლე იქნება.

უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აღნიშნული უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოების და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გადაეცემა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალება.

ასევე უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფრო კონკრეტულად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების, რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას ეხება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა