სულხან სალაძე - ძალიან დაბალია ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე საზოგადოების ნდობის მქონე პირი იყოს შერჩეული

როდესაც საუბარია კონკრეტულ პიროვნებებზე, თუ ეს პიროვნებები ასოცირდებიან მოქმედ სისტემასთან, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დაბალია ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ საბოლოოდ მთავარი პროკურორის პოსტზე შერჩეული იყოს ადამიანი, ვისაც ექნება საზოგადოების ნდობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა.

საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, საჭიროა ხელისუფლება პირველ რიგში დაფიქრდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურაზე, მის დახვეწაზე დაიწყოს აქტიური მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს საუბარი მთავარი პროკურორის არჩევაზე.

„არსებობს მართლმსაჯულების კოალიციის ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, უნდა შეჩერდეს. ამასთან, უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ იმ რეფორმაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს იმ კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში. შესაბამისად, პირველ რიგში, კანონმდებლობა უნდა იყოს მოყვანილი კონსტიტუციასთან. საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრი საერთოდ ჩამოცილდება პროცესს და რეალურად, საპროკურორო საბჭოს კომპეტენციაში გადავა მთელი ეს პროცედურები. ასევე, რაც მნიშვნელოოვანია ამ პროცესში, ჩვენ რეალურად უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება მზად არის ის ცვლილებები, რომელიც სისტემას სჭირდება შიგნით, განახორციელოს. როდესაც საუბარია კონკრეტულ პიროვნებებზე, თუ ეს პიროვნებები ასოცირდებიან მოქმედ სისტემასთან და არსებულ პროკურატურასთან, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დაბალია ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ საბოლოოდ მთავარი პროკურორის პოსტზე შერჩეული იყოს ადამიანი, ვისაც ექნება საზოგადოების ნდობა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ამ დროის მონაცემებით, მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

გარდა ამ სამი კანდიდატისა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს